პატიმრობის შესახებ კანონი

ნანუაშვილი: პატიმრობის კოდექსის ცვლილებებიდან რამდენიმე მომენტი შემაშფოთებელია

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის თქმით, პატიმრობის კოდექსში კარგი ცვლილებები შედის, თუმცა, რამდენიმე მომენტი შეშფოთებას იწვევს.

ნანუაშვილის თქმით, სპეცსაშუალებების გამოყენება ზოგადად უნდა მოხდეს, მაგრამ რამდენად არის აუცილებელი თუნდაც წიწაკის გაზის გამოყენება, ამასთან დაკავშირებით კანონში უფრო მეტი ზუსტი, კონკრეტული ჩანაწერი უნდა არსებობდეს.

„ზოგადად, კანონში შედის საკმაოდ კარგი ცვლილებები. მე ვფიქრობ მისასალმებელია. რაც შეეხება რამდენიმე მომენტს, რა თქმა უნდა, ეს საკითხი იწვევს შეშფოთებას, თუნდაც იგივე წიწაკის გაზის გამოყენება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის განსხვავებული სამინისტროსგან. მიგვაჩნია, რომ უფრო მეტად სამინისტრომ უნდა დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ არის ნამდვილად აუცილებლობა მსგავსი მეთოდების გამოყენების. სპეცსაშუალებების გამოყენება ზოგადად უნდა მოხდეს, მაგრამ რამდენად არის აუცილებელი, თუნდაც წიწაკის გაზის გამოყენება, თუნდაც, ზოგადად, გაზის გამოყენება, ისევე როგორც არალეტალურ იარაღთან დაკავშირებით, უფრო მეტი ზუსტი, კონკრეტული ჩანაწერი უნდა არსებობდეს კანონში", - თქვა ნანუაშვილმა.

ნანუაშვილის თქმით, კანონპროექტის ცვლილებებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატი რამდენიმე შეხვედრაში მონაწილეობდა. მან ასევე აღნიშნა, რომ აპარატი სამინისტროს კვლავ მიაწვდის სპეციალურ რეკომენდაციას.

შეგახსენებთ, რომ საპატიმრო დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რამდენიმე ახალი სპეციალური საშუალების გამოყენება ხდება დასაშვები. სადღეისოდ ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა თუ ქონების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მის მიმართ ხელბორკილის ან დამაწყნარებელი პერანგის გამოყენება არის დასაშვები.

პარლამენტს უკვე წარედგინა პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტი, რომლის მიხედვით, ხელბორკილისა და დამაწყნარებელი პერანგის გარდა, პატიმრის მიმართ დასაშვები ხდება, ისეთი ტიპის სპეციალური საშუალებების გამოყენება, როგორიცაა - დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, არალეტალური იარაღი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, წყალსატყორცნი და სასამსახურო ძაღლი.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტრომ მოამზადა.

კომენტარები