პატიმრობის შესახებ კანონი

ომბუდსმენი: პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებები გადახედვას საჭიროებს

ombudsman.ge

საქართველოს სახალხო დამცველი პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნული კანონპროექტის სულისკვეთებას, თუმცა, კანონპროექტის ზოგიერთი დებულება გადახედვას საჭიროებს.

"საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნული კანონპროექტის სულისკვეთებას, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობის კოდექსის ლიბერალიზაციას თავისუფლებააღკვეთილ პირთა სასარგებლოდ. თუმცა, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ კანონპროექტის ზოგიერთი დებულება მნიშვნელოვან გადახედვას საჭიროებს. ეს განსაკუთრებით ეხება კანონპროექტით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ, ასევე, ამ საშუალებების გამოყენების წესს.

კანონპროექტის 571-ე მუხლით გაწერილია ისეთი სპეციალური საშუალებები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით. ასეთ საშუალებებს შორის კანონპროექტი ჩამოთვლის დამაწყნარებელ პერანგს, დამაწყნარებელ სკამს, დამაწყნარებელ საწოლს, ცრემლსადენ და წიწაკის გაზს, არალეტალურ იარაღს, აკუსტიკურ საშუალებას, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერით მოწყობილობას, წყალსატყორცნს და სხვა. " - წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველის ცნობით, ზოგიერთი სპეციალური საშუალების გამოყენება აპრობირებულია სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. თუმცა, მათი გამოყენებისას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი პირობების დაცვაა აუცილებელი.

"ცრემლსადენი და წიწაკის გაზის გამოყენებამ შეიძლება, გამოიწვიოს მწვავე რესპირატორული პრობლემები. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ დადგენილი სტანდარტებით, დაუშვებელია წიწაკის გაზის ან ცრემლსადენი გაზის დახურულ სივრცეში გამოყენება. ასევე დაუშვებელია მათი გამოყენება იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც უკვე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენელთა კონტროლის ქვეშ. ამავდროულად, CPT-ს სტანდარტების მიხედვით, წიწაკის გაზი არ უნდა წარმოადგენდეს სასჯელაღსრულების ოფიცრის სტანდარტული აღჭურვილობის ნაწილს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, წიწაკისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებასთან დაკავშირებით, კანონპროექტით გათვალისწინებული იქნას შემდეგი პირობები:

• ცალსახად უნდა აიკრძალოს მათი დახურულ სივრცეში გამოყენება;
• უფრო დეტალურად გაიწეროს შემთხვევები, თუ როდის შეიძლება მათი გამოყენება;
• იმ პატიმრებს, რომელთა მიმართაც აღნიშნული სპეციალური საშუალებები იქნება გამოყენებული, დაუყოვნებლივ უნდა ჰქონდეთ სამედიცინო დახმარებაზე წვდომა და გაეწიოთ შესაბამისი მკურნალობა;
• უფლებამოსილ პირთა კვალიფიკაცია, მომზადება და შესაბამისი მინიმალური უნარ-ჩვევების ქონის აუცილებლობა უნდა დარეგულირდეს კანონქვემდებარე აქტით;

გარდა ამისა, სახალხო დამცველს გაუმართლებლად მიაჩნია ის მიზანი, რომლის მიღწევასაც შეიძლება ემსახურებოდეს ზოგიერთი საშუალების გამოყენება. მაგალითად, კანონის პროექტის 571(2)(გ) ქვეპუნქტის თანახმად, რეზინის ხელკეტისა ან/და წიწაკის გაზის გამოყენება დასაშვებია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ „საკუთარი თავის . . . დაზიანების თავიდან აცილების მიზნით". ასეთ შემთხვევაში, გონივრული იქნებოდა მსჯავრდებულის მიმართ სხვა საშუალების გამოყენება, სამედიცინო პერსონალის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ზემოაღნიშნული საშუალებების გამოყენებამ კანონპროექტით გათვალისწინებული მიზნის მიღწევის ნაცვლად, შესაძლებელია სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს. " - წერია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველს ასევე დაუშვებლად მიაჩნია ცრემლსადენი გაზის, აკუსტიკური საშუალების, არალეტალური იარაღის, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობის გამოყენება ინდივიდუალურ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ. აღნიშნული საშუალებების გამოყენება შეიძლება, დასაშვები იყოს მხოლოდ მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით. ასევე, იქვე უნდა განისაზღვროს, რომ ზემოაღნიშნული საშუალებებისა და წიწაკის გაზის გამოყენება დაუშვებელია სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებებში და ავადმყოფი პატიმრების მიმართ.

საქართველოს სახალხო დამცველი ზემოაღნიშნულ და სხვა პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით თავის დასკვნას უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტს მიაწვდის.

 

კომენტარები