კეზერაშვილის საქმე

წულუკიანი: კეზერაშვილის ექსტრადიცია მისი უფლებების დაცვას მოემსახურება

თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქართველოში  ექსტრადირების საქმე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კეზერაშვილმა პასუხები გასცეს იმ შეკითხვებს, რომელიც მის მიმართ არსებობს. მინისტრის მტკიცებით, კეზერაშვილის ეს საქმე „პოლიტიკისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელია“.

როგორც წულუკიანმა რუსთავი-2-ს გადაცემა პოზიციაში განაცხადა, მთავარმა პროკურატურამ კეზერაშვილის ექსტრადირების დოსიეზე სერიოზულად იმუშავა.

"საფრანგეთის მოსამართლე არ არის იმ მძიმე გამოცდილების მოსამართლე, როგორიც საქართველოში გვყავს. ისინი მიჩვეულები არიან მუშაობის იმ სტილს, რომელიც ქვეყანაში უნდა იყოს და რისკენაც ჩემ გუნდთან ერთად ვისწრაფვი. პროკურორს და მოსამართლეს მშვიდად მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეთ. ფრანგი მოსამართლისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს პირუთვნელი გადაწყვეტილების მიღების საშუალება, რათა დაინახოს რეალობა. ეს არის წმინდა სამართლებრივი თემა", - აღნიშნა წულუკიანმა. 

მისი თქმით, საქართველოს საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი კეზერაშვილის ექსტრადიცია, რათა მან პასუხები გასცეს იმ კითხვებს, რომელიც არის მის მიმართ დასმული. „მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანს მიეცეს საშუალება და დაუპირისპირდეს მთავარ პროკურატურას -  იქნებ მართალია? სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ დავადგინოთ მტყუან-მართალი. ეს არის დემოკრატია. აქ მიმდინარეობს პროცესები მის გარეშე და მისი მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი, რადგან ის არის ბრალდებული, ბრალდებულის უფლებების დაცვა ჩვენ გვევალება და ამიტომ გვჭირდება ის აქ და არა იმიტომ, რომ ის ვიღაცამ წინასწარ ჩათვალოს დამნაშავედ", - განაცხადა წულუკიანმა. 

წულუკიანის თქმით, საფრანგეთის სასამართლოში კეზერაშვილის ექსტრადირების განხილვა 30 იანვარს განახლდება და ამ სხდომას საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები მესამე მხარის სტატუსით დაესწრებიან. 

კომენტარები