შეტაკებები უკრაინაში

ოლივია ბაი: იანუკოვიჩი საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არ აპირებს

ვიქტორ იანუკოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არ აპირებს. ინფორმაცია ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ოლივია ბაიმ გაავრცელა. მისი თქმით, სატელეფონო საუბრისას ჟოზე მანუელ ბაროზომ უკრაინაში ჟურნალისტებზე თავდასხმასა და ადამიანების გაუჩინარებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, ევროკავშირისთვის უკრაინასთან ურთიერთობების გადახედვა პრიორიტეტი არ არის და ევროპას კრიზისის მოგვარებაში დახმარება სურს. მისი თქმით, სწორედ ამიტომ მიემგზავრება ევროკომისარი შტეფან ფულე კიევში, სადაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასობრივ არეულობებში მონაწილეობის ბრალდებით 73 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სამინისტროს ცნობით, შეტაკებების შედეგად 254 სამართალდამცველი დაშავდა, მათგან 104 საავადმყოფოში იმყოფება. მათ სხვადასხვა ტიპის მოტეხილობები, დამწვრობები და უცნობი ნივთიერებებით მოწამვლა აღენიშნებათ.

ბერკუტსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები კიევის ცენტრში 19 იანვარს დაიწყო და დღემდე გრძელდება. უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია შეტაკებების შედეგად 5 პირის დაღუპვის შესახებ, რომლთა სიკვდილიც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია. თუმცა უკრაინის გენპროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად ორი პირის დაღუპვა დაადასტურა.

 

კომენტარები