მომავალი პროკურორი

გიგაური: მთავარი პროკურორის შერჩევაში რომ წულუკიანი არ მონაწილეობს, მიუღებელია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს თავმჯდომარის ეკა გიგაურის თქმით, ის ფაქტი, რომ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევაში იუსტიციის მინისტრი არ მონაწილეობს, მისთვის მიუღებელია. მისივე განმარტებით, პრემიერის მიერ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღებით, პროკურატურის შესახებ კანონის მე-9 მუხლი ირღვევა. 

გიგაური ამბობს, რომ კანონის მიხედვით, მთავარ პროკურორს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით პრემიერმინისტრი ნიშნავს, შესაბამისად, მინისტრმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ ადამიანზე, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას მთვარი პროკურორის შერჩევისას აუცილებლად გასათვალისწინებელ კრიტერიუმებზეც ისაუბრა.

"მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს დადებითი რეპუტაცია, გამოცდილება, რადგანაც იცით, რომ იგი პირდაპირ იქნება ჩართული სამართლიანობის აღდგენის პროცესში. შესაბამისად, მის მიმართ საზოგადოების ნდობა უნდა იყოს ძალიან მაღალი. იმის გათვალისწინებით, რომ ხარვეზების დამდგენი კომისიის მუშაობა გარკვეული პერიოდით გადადებული იქნა, ვფიქრობ, რომ მთავარ პროკურატურას აქვს დიდი როლი ამ პროცესში. ასევე, ამ პიროვნებამ აუცილებელია დაიწყოს პროკურატურის რეფორმა და, ზოგადად, მან მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდაში, რადგან წლების განმავლობაში ეს ნდობა იყო ძალიან დაბალი, შესაბამისად, სწორად დაგეგმილი რეფორმის შედეგად შესაძლებელია, რომ საზოგადოებას უფრო მაღალი ნდობა ჰქონდეს პროკურატურის მიმართ. ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა კრიტერიუმებით იქნება ეს პიროვნება შერჩეული და ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცესში იუსტიციის მინისტრის ჩართვა და მისი პასუხისმგებლობის გამოკვეთა ამ პროცესში", - აღნიშნა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხს რამდენიმე დღის წინაც გამოეხმაურნენ. სპეციალური განცხადებით 8 ორგანიზაციამ პრემიერსა და იუსტიციის მინსიტრს მოუწოდა, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხს და იმოქმედონ პროკურატურის შესახებ კანონის შესაბამისად. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონის მოთხოვნაა, იუსტიციის მინისტრმა თავად აიღოს პასუხისმგებლობა მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით.

მთავარი პროკურორის პოსტი ვაკანტური 30 დეკემბერს მას შემდეგ გახდა, რაც ოთარ ფარცხალაძემ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოვებას კი წინ უძღოდა ინფორმაციის გავრცელება გერმანიაში მისი ყაჩაღობის მუხლით ნასამართლობის შესახებ.

კომენტარები