მომავალი პროკურორი

ნადირაშვილი: მთავარი პროკურორის პოსტზე ღარიბაშვილის კადრი ინიშნება

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, მთავარი პროკურორის პოსტზე "ირაკლი ღარიბაშვილის კადრი ოთარ ფარცხალაძე ინიშნება".

"ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე თვის წინ არჩილ კბილაშვილის მაკონტროლებლად, მისი მოადგილის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილი დანიშნა. ამ მექანიზმმა ჯეროვნად ვერ იმუშავა და დღეს უკვე მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კადრი ოთარ ფარცხალაძე ინიშნება. ეს იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა, რომელიც ბუნებრივად არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაკონტროლებელი, ამ ფუნქციას ვეღარ შეასრულებს და მისი დანამატი გახდება. ამ ტენდენციაზე ისიც მიუთითებს, რომ ახალი მთავარი პროკურორის შესახებ ინფორმაცია მედიას მიაწოდა არა იუსტიციის მინისტრმა, რაც თავისთავად ბუნებრივი იქნებოდა, არამედ შსს-ს პრესსამასხურის უფროსმა", - თქვა ნადირაშვილმა.

ნადირაშვილის თქმით, "ფარცხალაძე იმ გახმაურებული სპეცოპერაციის ავტორია, როცა საქართველოში ვიზიტად მყოფ NATO-ს გენერალური მდივანს რასმუსენს წასვლაც არ აცალეს, საკრებულოს წევრები და გამგებლები დაიჭირეს, ქუჩებში ასეირნეს, დაკითხვაზე მიიყვანეს, გამოუშვეს და შემდეგ ისევ დაიჭირეს. ასე რომ, ფარცხალაძის პოლიტიკურ ალღოზე თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ", - აღნიშნა ნადირაშვილმა.  

კომენტარები