განათლება

მასწავლებლის პროფესიის დაბადება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თანამედროვე ტიპის სკოლები ორას წელზე მეტია რაც არსებობს, მასწავლებლობა, როგორც პროფესია, მხოლოდ ახლა ყალიბდება. იარსებებს თუ არა და როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს ასეთი პროფესია, მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს განათლების სისტემის წარმატებისთვის.

თუ მასწავლებლები არსებობენ, მაშინ როგორ შეიძლება, რომ შესაბამისი პროფესია არ იყოს ჩამოყალიბებული? რას შეიძლება, ვუწოდოთ პროფესია, ხოლო რას – მხოლოდ საქმიანობა, ან მოწოდება?

ყველა საქმიანობა პროფესია არ არის. პროფესიად ჩამოყალიბებისთვის საჭიროა ადამიანთა ჯგუფის არსებობა, რომლის წევრებსაც აქვთ სპეციფიკური ტექნიკური და, ამავდროულად, კონცეპტუალური განათლება; რომლებსაც არარუტინულ კონტექსტში, ამ აბსტრაქტული ცოდნის კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად მისადაგების საკმარისი ავტონომია გააჩნიათ; რომლებიც ერთიანდებიან პროფესიული ეთიკის ნორმების საფუძველზე; რომელთა პროფესიის წევრობაც დადასტურებულია ფორმალური აღიარების მექანიზმითაც და რომლებიც მუდმივ პროფესიული განვითარების გზას გადიან.

ასწავლებლობა, როგორც პროფესია, ამ მახასიათებლების დიდ ნაწილს დღემდე სათანადოდ ვერ აკმაყოფილებს.

ყველა საქმიანობა პროფესიად ვერ ყალიბდება. ამის მიზეზი ზოგჯერ ტექნიკური პროგრესია. მაგალითად, ფოსტაში მომუშავე სატელეფონო ოპერატორების დიდ ჯგუფს სხვა საქმიანობის არჩევა მოუწია მას შემდეგ, რაც დაახლოებით 15 წლის წინ, მობილური კავშირის ფართო გავრცელება დაიწყო.

ზოგჯერ პროფესია საქმიანობაში ჩართულების პასიურობის გამო ვერ ყალიბდება. მაგალითად, საქართველოში არსებობს ძიძების მომზადების პროფესიული პროგრამები, მაგრამ შესაბამისი პროფესიის შემდგომ ჩამოყალიბებას ამ საქმიანობაში ჩართულებისა და მშობლების უინიციატივობა უშლის ხელს.

პროფესიების განვითარებას ზოგჯერ სახელმწიფოც უშლის ხელს. მაგალითად, საბჭოთა ხელისუფლებამ აკრძალა თავისუფალი გაერთიანებები: გილდიები, ამქრები და ასოციაციები. მისი გაუქმება რომ არა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ შემუშავებული პედაგოგიური ეთიკის ნორმები, შესაძლოა, თვითრეგულირებადი პროფესიის საფუძველი გამხდარიყო. სინამდვილეში კი, მასწავლებლის საქმიანობაზე სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი კონტროლი დამყარდა.

მასწავლებლის პროფესიის შექმნის ალბათობას საქართველოში სპეციფიკური პროფესიული განათლების მოთხოვნის არარსებობაც ამცირებდა. სასკოლო სისტემის ინტენსიური გავრცელება ჩვენთან გაცილებით უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე უმაღლესი განათლების. შესაბამისად, პედაგოგებად მრავალი ათწლეულის განმავლობაში უპირატესად სკოლადამთავრებულებს ქირაობდნენ.

უმაღლესების განვითარების შემდეგაც, მასწავლებლის კვალიფიკაციის დასაკმაყოფილებლად მცირე სპეციალური პედაგოგიური ცოდნის მიღება იყო საკმარისი. ორიოდე კურსის და პრაქტიკის საათების გავლის შემდეგ, კურსდამთავრებული სპეციალობასთან ერთად მასწავლებლის კვალიფიკაციასაც იღებდა. თუ დიპლომი ამგვარ კვალიფიკაციას არ მოიცავდა, მას გადამზადების მოკლევადიანი კურსების გავლა შეეძლო. რეალურად კი, სკოლებში ბოლო წლებამდე უმაღლესი განათლების არმქონე ადამიანებიც ასწავლიდნენ.

დაბალი სპეციალური მომზადების გათვალისწინებით, სახელმწიფო გარანტირებული შედეგების მისაღებად, მასწავლებლებს მკაცრ, რეცეპტის მსგავს მითითებებს აძლევდა. მეოცე საუკუნის 90-იანი წლების პედაგოგიკის ქართულ სახელმძღვანელოებში ისიც კი აღწერილი იყო, მერხი სინათლისკენ როგორ უნდა მდგარიყო და რომელი მხრიდან უნდა მიახლოებოდა მასწავლებელი მოსწავლეს. ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტული პროგრამის შინაარსი ჯერ კიდევ იმ დროის გულუბრყვილო პედაგოგიური და პოლიტიკური წარმოდგენების გამოძახილია. როგორც კონვეიერის მუშას არ აქვს პროფესია, ისე რუტინულ, მკაცრად გაკონტროლებულ გარემოში, მასწავლებლების პროფესიონალებად ჩამოყალიბების ალბათობა ძალიან დაბალი იყო.

მასწავლებლის პროფესიის ჩამოყალიბებას, პედაგოგების საჯარო მოხელეების სტატუსთან გათანაბრებაც აფერხებდა. მართალია, 2005 წლის შემდეგ მასწავლებლების დამქირავებელი უკვე კონკრეტული სკოლაა და არა სახელმწიფო, სახელმწიფოსა და პედაგოგის ურთიერთმოლოდინი მცირედ შეიცვალა. მასწავლებლების მინიმალური ხელფასის შესახებ გადაწყვეტილებას ჯერაც მთავრობა იღებს და არა მისი დამქირავებელი. მრავალი მასწავლებელი თავს დაქვემდებარებულად გრძნობს სახელმწიფო აპარატის მიმართ და ვერ აცნობიერებს, რომ სახელმწიფოს ძალაუფლების წყარო თავად უნდა იყოს.

მასწავლებლობის, როგორც პროფესიის ჩამოუყალიბებლობა სხვა დამოკიდებულებებშიც ჩანს. თუ მათემატიკის მასწავლებელს მისი პროფესიის დასახელებას სთხოვთ, ხშირად მოისმენთ პასუხს, რომ ის მათემატიკოსია, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი თავი მათემატიკის მასწავლებლად წარმოგიდგინოთ. ასევე, მომისმენია, როდესაც ტესტების შემდგენელი ფიზიკოსი სრულიად გულწრფელად საჯაროდ იწონებდა თავს, რომ მას არ სჭირდება პედაგოგიკის ცოდნა სასწავლო პროცესის შესაფასებლად. ამგვარად, საკუთარი პროფესიული იურისდიქციის საზღვრების არარსებობისას, პედაგოგიური საქმიანობის ლეგიტიმაციაც სხვა პროფესიის ფარგლებში ხდება და იერარქიულად მასწავლებლები მეცნიერებს დაქვემდებარებულებად აღიქმებიან.

მასწავლებლის პროფესიის ჩამოყალიბებისთვის ნორმატიული საფუძვლები, პროფესიული სტანდარტები და სერტიფიცირების მექანიზმები ბოლო წლებში შეიქმნა. პროფესიაში შესვლის უფლება მხოლოდ სპეციალური პედაგოგიური განათლების მქონეებს, ხოლო პროფესიაში მასწავლებლის სტატუსით დარჩენის უფლება მხოლოდ სერტიფიცირებულებს მიეცათ. ამით მასწავლებლობასა და სხვა პროფესიებს შორის მკაფიო საზღვარი გაივლო.

რა შეიძლება მოჰყვეს მასწავლებლების პროფესიონალიზაციის ამ პროცესს? შედეგები არა მხოლოდ პროცესის მიმართულებაზე, არამედ ძირითად მოქმედ სუბიექტებსა და საშუალებებზეც არის დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, თუ ვინ გეგმავს, წარმართავს, აკონტროლებს, აფასებს ამ პროცესს.

დღეს მთავარი მოქმედი პირი სახელმწიფოა. მთავრობა არეგულირებს სტანდარტებს, ეთიკის ნორმებს და პროფესიაში შესვლისა და დარჩენის გზას. მასწავლებლების თვითრეგულირების მექანიზმები განუვითარებელია. ინსტიტუციურად მასწავლებლების კვლავაც საჯარო მოხელესთან გაიგივება ხდება. საქმიანობის სახელმწიფოს მიერ ექსკლუზიურად რეგულირება ამცირებს მასწავლებლების პროფესიისა და უმაღლესი განათლების სფეროს ურთიერთობის საჭიროებასაც. ამის გამო, კვლევების საფუძველზე შექმნილი ცოდნა მასწავლებლისთვის უფრო სუსტი ლეგიტიმაციის წყარო იქნება, ვიდრე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ნაკარნახევი სახელმწიფო მექანიზმი. ეს კი პროფესიულ განვითარებასა და სამეცნიერო ცოდნის განვითარებას შორის კავშირს ამცირებს.

მეორე მხრივ, სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე სხვა პრობლემებს შეიძლება გადავეყაროთ. მასწავლებლობის, როგორც პროფესიის, სრული თვითრეგულირების შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ მოქმედი პედაგოგები მაქსიმალურად შეზღუდავენ საკუთარი პროფესიის ფარგლებში ახალი თაობების შესვლის შესაძლებლობას და ადამიანური რესურსების დაბალი მიწოდების პირობებში საკუთარი შრომის ღირებულების გაზრდას შეეცდებიან.

რადგან მასწავლებლობის სერტიფიკატის მოპოვება მოქმედი პედაგოგების მხოლოდ დაახლოებით ერთმა მეოთხედმა შეძლო, სახელმწიფომ, შესაძლოა, პროფესიაში დარჩენის მოთხოვნები შეარბილოს. რა ფორმითაც არ უნდა გაკეთდეს ეს, კატეგორიების შემოღებით იქნება თუ გამოცდის შედარებით უფრო მარტივი ალტერნატივების შექმნით, ამგვარი გადაწყვეტილება მასწავლებლის პროფესიის ჩამოყალიბებას ხელს შეუშლის.

პროფესიის საზღვრების მორღვევის სავარაუდო მოსალოდნელი უარყოფითი ეფექტებიდან ორია განსაკუთრებით პრობლემური: პროფესიული განვითარების მოტივაციისა და პედაგოგების პრესტიჟის კლება. პრესტიჟის გარეშე კი პროფესიაში შემოსვლის მსურველები მცირე და ასევე ნაკლებადმოტივირებული ხალხი იქნება.

არ უნდა გვეგონოს, რომ მასწავლებლების პროფესიონალიზაცია მხოლოდ ცალსახად დადებითი პროცესია. მართალია, პროფესიის წევრობა მეტ პრესტიჟს და, შესაბამისად, მეტ თვითშეფასებას, მეტ შემოსავალს, მეტ ხარისხსაც ნიშნავს, მაგრამ მასწავლებლების პროფესიონალიზაცია პედაგოგებისგან პიროვნული ავტონომიის დათმობასაც გულისხმობს. მასწავლებლის პროფესიის და, შესაბამისად, სტანდარტების არარსებობისას, მასწავლებლის მოქმედებები ძირითადად მისი და მისი დამქირავებლის ურთიერთობის საქმეა. პროფესიის არსებობისას კი, მის საქმიანობას ასევე პროფესიის ფარგლებში არსებული ეთიკის ნორმები არეგულირებს.

პროფესიონალიზაციის უარყოფითი მხარე სკოლაზე დემოკრატიული ზედამხედველობის შესუსტებაც შეიძლება იყოს. პროფესიონალი მასწავლებლები ნაკლებად გახსნილები არიან ხოლმე პროფესიის გარეთ მყოფების მოსაზრებების მიმართ. ამგვარი დამოკიდებულება კონფლიქტის წყაროა ბიუროკრატიული ორგანოს წარმომადგენლებთან და მშობლების სკოლის მართვაში ჩართვასაც უშლის ხელს.

შეიძლება გაგიკვირდეთ, განა რა მოხდება ცუდი, თუკი მასწავლებლები არაპროფესიონალებს არ მოუსმენენ? თუ ქირურგს აქვს უფლება, პაციენტის ან მისი მშობლის მედიცინაზე წარმოდგენების გაუთვალისწინებლად მიიღოს საუკეთესო გადაწყვეტილება, მაშ რატომ უნდა დაუგდოს ყური მასწავლებელმა მშობელს ან მოსწავლეს? განსხვავება ამ ორ პროფესიას შორის უზარმაზარია. ქირურგიული ოპერაციისას პაციენტის პასიურობა უპირატესად დადებითი შედეგის წინაპირობაა. მოსწავლის შემთხვევაში კი, თუ თავად არ იქნება საკუთარი ცოდნის შექმნაში აქტიურად ჩართული, მასწავლებელიც წარუმატებელი იქნება. ამიტომ და ასევე, რადგან სკოლა საზოგადოების და არა მხოლოდ პროფესიულ დაკვეთას უნდა ასრულებდეს, მასწავლებელმა მოსწავლესთან და მის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით უნდა იმოქმედოს.

მასწავლებლების პროფესიონალიზაცია სულ ახალი მოვლენაა საქართველოში. მას შეიძლება უარყოფითი შედეგებიც ახლდეს. მასწავლებლებს მოუწევთ გარკვეული თავისუფლებების დათმობა. მეორე მხრივ, მასწავლებლის პროფესიის ჩამოყალიბებით შესაძლებელი გახდება პედაგოგის პრესტიჟის ამაღლება. მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, მასწავლებლებისთვის პროფესიული საქმიანობისას თავისუფლების მიცემა, მეორე მხრივ კი – მათი პროფესიის რეგულირებისას პროფესიული ასოციაციების, უმაღლესებისა და სახელმწიფოს მჭიდრო თანამშრომლობა.

კომენტარები