თბილისის ბიუჯეტი

თბილისის მერია საკრებულოს ბიუჯეტთან დაკავშირებით კონსულტაციებისკენ მოუწოდებს

tbilisi.gov.ge

თბილისის მერიამ, ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო გამოწვეული პრობლემების შესახებ, საკრებულოს წერილობით მიმართა. მერიის განცხადებით, იმედს იტოვებენ, რომ თბილისის საკრებულო გააცნობიერებს ბიუჯეტის გარეშე დარჩენილი დედაქალაქის წინაშე არსებულ პრობლემებს და უმოკლეს ვადაში დაამტკიცებს თბილისის 2014 წლის ბიუჯეტს. როგორც დღეს დედაქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკრებულოს უმრავლესობამ უნდა გაითვალისწინოს მოქალაქეების ინტერესები და მათ ბიუჯეტთან დაკავშირებით კონსულტაციებისკენ მოუწოდა.

“ხშირად გაისმის განცხადებები იმის შესახებ, რომ საკრებულოს ეს გადაწყვეტილება თბილისს პრობლემას არ შეუქმნის. საკითხში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით გვინდა გაცნობოთ, რომ „საბიუჯეტო კოდექსის“ 78-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით თბილისის მერია უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად, გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების 1/12-ისა, რაც რა თქმა უნდა სრულად და დროულად ვერ უზრუნველყოფს იმ პროგრამების დაფინანსებას, რაც გაწერილია ჩვენს მიერ შემოთავაზებულ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში”, - ნათქვამია წერილში. 

წერილში ჩამოთვლილია ის კონკრეტული პრიორიტეტები, რომელთა შესრულებასაც საფრთხე შეექმნება. ასეთია, მაგალითად, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა. მერიის თქმით, შეუძლებელი ხდება 2014 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, როგორიცაა 100 ახალი ავტობუსის შესყიდვა, ასევე, ვერ განხორციელდება პეკინის, დადიანის, სარაჯიშვილის, ჟვანიასა და დიდი ხეივნის ქუჩების რეაბილიტაცია, დიღმის ჭალებში მისასვლელი გზების მშენებლობა. ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის, ექსპლოატაციისა და ავარიული შენობების გამაგრების პრიორიტეტის ფარგლებში ვერ დაფინანსდება ახალი თანამედროვე ტიპის მედიათეკების მშენებლობა, დაგეგმილზე მეტი დრო დასჭირდება ბარათაშვილის, დიღმულას, ზაჰესისა და ავჭალის ხიდების რეაბილიტაციას, სირთულეები ექმნება ავარიული შენობების გამაგრებას, საყრდენი კედლებისა და სანიაღვრე ქსელების მშენებლობასა და სხვა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს.

მერია ასევე მიუთითებს ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების პრიორიტეტზე, კერძოდ იმაზე, რომ დასუფთავების მოსაკრებელი შევიდა 2013 წლის 1 ივნისიდან და, შესაბამისად, 2013 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებდა დასუფთავების მხოლოდ 7 თვის ხარჯების დაფინანსებას.

”ქალაქის დასუფთავებას, ზოოპარკისა და ბოტანიკური ბაღის დაფინანსებას, გამწვანების ობიექტების მოვლა-პატრონობასა და უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების დაფინანსებას ყოველთვიურად ესაჭიროება 5,3 მლნ ლარი, რაც გამორიცხავს ახალი სკვერების, პარკებისა და გამწვანების სხვა ობიექტების მოწყობას, ახალი საბავშვო ატრაქციონების მონტაჟსა და მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ აყენებს ქალაქში არსებული დასუფთავების დონის შენარჩუნებას”, - ნათქვამია წერილში.

მერია ასევე აცხადებს, რომ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ამ პრიორიტეტის ფარგლებში, ქალაქის მოსახლეობას საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა შენობების გამაგრება, სახურავის, სადარბაზოებისა და ლიფტების შეკეთება და სხვა, ყოველთვიურად 3,8 მლნ ლარი ანუ 72%-ით მეტი უნდა მოხმარებოდა. ჯანმრთელობის დაცვისაა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტით გასაწევი ხარჯები შეზღუდულია თვეში 14 მლნ ლარამდე, მიუხედავად იმისა, რომ პრიორიტეტის ფარგლებში გასაწევი აუცილებელი ხარჯები 17,6 მლნ ლარია, შესაბამისად, იანვრის, თებერვლის, მარტის, ნოემბრისა და დეკებრის თვეებში, თბილისის მერიის თქმით, იძულებული ხდება არჩევანი გააკეთოს კომუნალური ვაუჩერის, საქალაქო ტრანსპორტით უფასო და შეღავათიანი მგზავრობის, სოციალური დახმარებებისა და უფასო სასადილოების დაფინანსებას შორის.

სხვა პრობლემებში მერია მიუთითებს, რომ შეუძლებელი ხდება შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალმომარაგების სისტემის მოწყობა უკვე განსაზღვრული მოცულობებითა და ვადებში. ასევე განათლების პრიორიტეტის ფარგლებში გამორიცხავს არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას.

კომენტარები