საკონსტიტუციო სასამართლო

პარლამენტისგან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შერჩევას მოითხოვენ

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის პარლამენტს მოუწოდებს, დაუყონებლივ დაიწყოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის შერჩევის პროცესი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრ ვახტანგ გვარამიას უფლებამოსილების ვადა 2013 წლის 23 სექტემბერს ამოეწურა. გვარამია აღნიშნულ პოსტზე საქართველოს პარლამენტმა 2003 წლის 23 ივნისს აირჩია, უფლებამოსილების შესრულებას კი იმავე წლის 23 სექტემბერს შეუდგა.

კოალიციის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 10 წელი. "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით უფლებამოსილების ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა, პარლამენტი ვალდებულია აირჩიოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი.

ამ პროცესის დაყოვნება, კოალიციის მოსაზრებით, პრობლემურია შემდეგი გარემოებების გამო:

  • საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს განიხილავს კოლეგიურად, 4 ან 9 მოსამართლის შემადგენლობით, შესაბამისად საქმეებში, რომელთა განხილვა დაიწყო ზემოაღნიშნული ვადის შემდგომ სასამართლო განიხილავს ერთი მოსამართლის გამოკლებით, რაც, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელების პროცესზე.
  • საკონსტიტუციო სასამართლო კომპლექტდება საქართველოს პარლამენტის, უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ შერჩეული წევრებით. ახალი წევრის არჩევის დაყოვნება ხელს უშლის აღნიშნული ბალანსის ასახვას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას.

"პარლამენტის ამგვარი დამოკიდებულება არ შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს, რაც შესაძლოა უარყოფითად აისახოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხზე. აღნიშნულიდან გამომდინარე კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დაუყოვნებლივ დაიწყოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის არჩევის პროცესი", - ნათქვამია არასამთავრობოთა კოალიციის განცხადებაში.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის 20-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, რომელთა შორის არიან საია, სამართლიანი არჩევნები, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და ა.შ.

საკონსტიტუციო სასამართლო სულ 9 წევრისგან შედგება. მათგან სამს ნიშნავს პრეზიდენტი, სამს - უზენაესი სასამართლო, დანარჩენ სამ წევრს კი პარლამენტი ირჩევს ხმათა უმრავლესობით. ვახტანგ გვარამია პარლამენტის მიერ იყო არჩეული და სწორედ ამიტომ, პარლამენტს უნდა ემსჯელა მისი შემცვლელის არჩევაზე.

კომენტარები