საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ილია მეორის 2014 წლის საშობაო ეპისტოლე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ტაბულა უცვლელად გთავაზობთ:

”სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II საშობაო ეპისტოლე ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, - მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ძვირფასო თანამემამულენო!

,,ნუ გეშინიათ, აჰა, მე გახარებთ დიდ სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი. რადგან დღეს, დავითის ქალაქში, დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი" (ლუკა 2,10-11).

2014-ედ ეუწყება ახლა მსოფლიოს ეს საოცარი ამბავი და ეფინება უფლის უსხეულო ძალთა საგალობელი: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება" (ლუკა 2,14). ანგელოზთა დასი, მწყემსები, მოგვები და, მათთან ერთად, ჩვენც მადლიერებითა და მოკრძალებით კვლავ წარმოვთქვამთ ღმერთთან შერიგების, მშვიდობისა და ბედნიერების მომტან ამ დიდებულ სიტყვებს.

რამდენი ხანი ელოდა ამ ზეიმს ადამის მოდგმა? რამდენი საუკუნე გაილია ამ ჟამზე ნატვრით? რამდენი წმინდა და ღვთისსათნო ადამიანი ლოცულობდა ამ დღისათვის?

ადამიდან მამამთავარ აბრაამამდე 20 თაობამ განვლო, აბრაამიდან დავითამდე - 14-მა, დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდეც - 14-მა, ბაბილონის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე, - კიდევ თოთხმეტმა და მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ, ცოდვით დაცემული ევას ნაცვლად, აღმობრწყინდა წმინდა ქალწული, ღვთისმშობელი მარიამი, - სასძლო უფლისა.

ბედნიერია საქართველო, რომ ქრისტეშობის სიხარული პირველი საუკუნიდანვე ეუწყა მოციქულთაგან და ამ დროიდანვე გახდა იგი ღვთისმშობლის წილხვედრი. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. ამიტომაც სწორი წარმოდგენა უნდა გვქონდეს იმ პროცესებზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში და, საერთოდ, მსოფლიოში მიმდინარეობს, რათა პასუხი გავცეთ მათ და შევინარჩუნოთ წინაპრების თავგანწირვის ფასად დღემდე მოტანილი ჩვენი მეობა.

ყველა დროში ქრისტიანობას თავისი გამოწვევები ქონდა, მაგრამ თანამედროვე პოსტმოდერნისტული ეპოქა გამორჩეულია მეგა-გამოწვევებით.

პოსტმოდერნიზმის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სინამდვილის ხედვა, რომელიც ამა თუ იმ რელიგიურ მიმდინარეობას ეყრდნობა, არასწორადაა მიჩნეული, რადგან, მათი გაგებით, ცდება ყველა, ვინც აცხადებს, რომ ჭეშმარიტება იცის. თვით ათეისტებიც ცდებიან, რადგან ამტკიცებენ რაღაცას, მაგალითად, უღმერთოებას. მართალია მხოლოდ ის, ვინც არავის განსჯის.

ასეთი აზროვნებისათვის, სწორი და არასწორი აღარ არსებობს. გვაქვს უბრალოდ სისტემა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი ის კი არ არის, მართალია თუ არა ესა თუ ის პრინციპი, არამედ ის, თუ რამდენად მუშაობს და რამდენად სარგებლიანია იგი დღეს.

ამ სისტემაში მიჩნეულია, რომ თვითონ ადამიანია ყველაფრის განმსაზღვრელი და რაც მას მოესურვება, ისაა კარგი. ამიტომაც პიროვნების გამოსწორება კი არ არის საჭირო, არამედ მისი აზროვნების შეცვლაა მისაღწევი. მაგალითად, თუ ვინმეს ჭუჭყიანი სამოსი აცვია, და იგი ჩათვლის, რომ მისი ტანსაცმელი სუფთაა და ამას თვითონაც დაიჯერებს, ის მართალი იქნება. მნიშვნელობა არა აქვს, სხვაც ასე ფიქრობს თუ არა.

თუ ვიღაც მიიჩნევს, რომ ნაძვი მარადყვითელი მცენარეა, სხვა კი ამბობს, რომ იგი იასამნისფერია, სწორი იქნება ორივე და მცდარია იმის მტკიცება, თითქოს, ნაძვი მხოლოდ მარადმწვანეა.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დედამიწას, ზოგადად სამყაროს, აქვს კანონები და ეს არის რეალობა. თანამედროვე აზროვნება კი გვეუბნება, რომ საერთო მოცემულობა არ არსებობს და რომ ეს ჩვენი მოგონილია. ამდენად, შეგიძლია, შენი სურვილისამებრ, ნებისმიერი მოვლენა აღიარო, ან არ აღიარო, მიიჩნიო არსებულად, ან არარსებულად.

ტაბუ უნდა აეხსნას ყველაფერს! უნდა განვდევნოთ წარსულის ზნეობრივი შეზღუდვები, ყველაფერი კარგია, რაც მე მინდა და მსიამოვნებს! ოღონდ შეფასებებისას ერთი აუცილებელი წესი უნდა იქნეს დაცული, - სხვისი, განსაკუთრებით უმცირესობის, უფლებები არ უნდა დაირღვეს! ეს კანონია.

შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ იკარგება ზღვარი კარგსა და ცუდ საქციელს, სიმართლესა და სიცრუეს შორის. სიმართლე არის ის, რასაც მე მივიჩნევ სიმართლედ და მორჩა! შენ შენი სიმართლე გაქვს? დაიცავი შენი სიმართლე, მე ჩემსას დავიცავ. მე შენს უფლებებს არ შევლახავ, შენც ჩემი უფლებები არ შელახო.
დაახლოებით ასეთია ის აზროვნება, რომელის დამკვიდრების მცდელობაც არის დღეს.

არჩევანის თავისუფლებას და პიროვნებაზე ძალადობრივი ქმედების მიუღებლობას ქრისტიანობაც ქადაგებს. არჩევანის თავისუფლება უფლისაგან ადამიანისათვის ბოძებული ერთ-ერთი უმთავრესი მადლია, მაგრამ ქრისტიანულ მოძღვრებასა და ფსევდო-ლიბერალების მიერ შემოთავაზებული ,,თავისუფლებას" შორის ფუნდამენტური სხვაობაა.

ფსევდო-ლიბერალური ,,არჩევანის თავისუფლება" ასარჩევ მოცემულობათა თანაბარ ღირებულებებს გულისხმობს და ყველაფერს თანაბრად კარგად მიიჩნევს.
ქრისტიანობა (ზოგადად, რელიგიური აზროვნება) კი გვასწავლის, რა არის კარგი და რა - მიუღებელი, რა არის ცოდვა და რა - მადლი, მაგრამ არჩევის უფლებას პიროვნებას უტოვებს. ქრისტიანული პრინციპია: მე პატივს ვცემ შენი არჩევანის უფლებას, მაგრამ არა შენს ნებისმიერ არჩევანს; ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო (Iკორ.10;23).

ისედაც ხომ ცხადია, არჩევანის თავისუფლება მაშინაა ღირებული, როდესაც მას ერთმანეთისაგან განსხვავებულ ფასეულობებს შორის აკეთებ, თორემ თუ ყველაფერი სულ ერთია, არჩევანსაც აზრი ეკარგება.

ყოველივეს თავი და თავი კი ის არის, რომ სეკულარულმა იდეოლოგიამ პიროვნება ღმერთისაგან დამოუკიდებელ არსებად წარმოაჩინა, კვარცხლბეკზე ცოდვით დამძიმებული ადამიანი დააყენა და ყველაფერი მის ინსტიქტებს დაუქვემდებარა, რითაც მდაბალი ვნებითი მიდრეკილებების ლეგიტიმაცია მოინდომა, მორალური და სულიერი ორიენტირები დაუკარგა და ეს ინდივიდუალიზმის საბაბით გაამართლა.

ესაა ყველა მიმართულებით გაშლილი ბრძოლა ტრადიციული შეხედულებების, აღზრდისა და ზნეობის წინააღმდეგ.

დიდად სამწუხაროა, რომ უმცირესობათა ჯგუფები, რომლებიც ქრისტიანობისთვის მკვეთრად უარყოფითი იდეებით გამოირჩევიან, ჰუმანიზმის აღიარებულ წარმომადგენლებად სახელდებიან. მათ აქვთ პრივილეგიები, რეკლამა, მათზე მუშაობს მასმედია, დაცულნი არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ; მათი მიზნების განხორციელებისათვის ხდება კანონმდებლობების შეცვლაც და სხვა; ხოლო ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესებს, განსაკუთრებით ეკლესია, დისკრეტიდირების ნიავღარში ექცევა, საზოგადოებაში კი მთავარი დარტყმის ობიექტი ოჯახია.

ეს პროცესები მეტნაკლებად ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ ვამახვილებთ ამ თემებზე ყურადღებას.

კრიზისის მთავარ გამოვლინებას სექსუალური უმცირესობების ურთიერთობების ქალისა და მამაკაცის ქორწინებასთან გათანაბრების და ერთსქესიანი წყვილებისათვის ბავშვის შვილად აყვანის უფლების მინიჭების საშიშროება წარმოადგენს. ასეთი კანონი ქორწინების მთელ აზრს აუკუღმართებს და ბავშვსაც, ფაქტიურად, ნივთად აქცევს, რომლის ფლობაც ყველას შეუძლია.

საქართველო თავისი განვითარებით, კულტურით ქრისტიანული ევროპის ნაწილია და ამიტომაც, მისკენ ლტოლვა ჩვენს ხალხში ნამდვილად არის. მაგრამ, ამ და ზემოთ აღნიშნულ ფუნდამენტურ საკითხებთან მიმართებაში, ევროგაერთიანებამ, ევროპარლამენტმა უნდა გაითვალისწინონ ცალკეული ქვეყნების ტრადიცია და აზროვნების წესი და მისცენ მათ საშუალება თავისუფალი არჩევანისა, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ გულწრფელად მოინდომოს თანამედროვე ევროპულ კულტურასთან დაკავშირება.

საქართველოს ეკლესია მიესალმება ევროკავშირის პოზიციას იმის შესახებ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ წარმოადგენს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად ჩვენი ქვეყნის გახდომის წინაპირობას, რაც ევროკავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, ბატონ ფილიპ დიმიტროვის 2013 წლის დეკემბრის თვის განცხადებაში დაფიქსირდა.

ზოგადად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი პიროვნებები დახმარებას და თანადგომას საჭიროებენ, რათა მათ დაძლიონ ცოდვითი მიდრეკილებები და სწორი ცხოვრების გზას დაუბრუნდნენ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ მათი ცოდვის პროპაგანდას.

საერთოდ, ოჯახი არის ერის, სახელმწიფოს, საზოგადოების მთავარი ქვაკუთხედი. იგი პატარა სახელმწიფოა, ქრისტიანული გაგებით კი - ,,მცირე ეკლესია."
ქრისტიანობა ქორწინებას ერთ-ერთ საიდუმლოდ მიიჩნევს. ეს არის საიდუმლო არა მხოლოდ ადამიანური, არამედ ღვთიური სიყვარულისაც. ოჯახური ცხოვრება ქრისტიანული ღვაწლია, გზაა სულის ხსნისა, რადგან იგი გულისხმობს არა მარტო ერთად ცხოვრებას, არამედ ერთმანეთისათვის ცხოვრებას.

ბიბლია გვასწავლის, რომ ოჯახის უფალი არის ღმერთი, რომელმაც ადამისა და ევას სახით მთელი კაცობრიობა შექმნა. ამდენად, ყველა ადამიანის მამა, ამ სიტყვის ყველაზე სრული და აბსოლიტური მნიშვნელობით, არის თვით შემოქმედი.

ჭეშმარიტი ქრისტიანული ოჯახისთვის მარტო სიყვარული და ერთმანეთისაკენ სწრაფვა არ არის საკმარისი. ოჯახი მოწოდებულია იქცეს ,,მცირე ეკლესიად," მარადიული სიყვარულის ცოცხალ ხატად, რომელშიც ღვთის მცნებებს იცავენ და თაობიდან თაობას გადასცემენ.

შეგახსენებთ მოსე წინასწარმეტყველის ყველაზე მთავარ მიმართვას ხალხისადმი: ,,ისმინე, ისრაელო! და ეცადე შეასრულო, რომ კარგად იყო და დიდად იმრავლო ქვეყანაში, ... ისმინე, ისრაელო, ერთია უფალი, უფალი, ჩვენი ღმერთი.

გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულით და სულით, მთელი შენი შეძლებით.

გულში გქონდეს ეს სიტყვები, ... ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას. შეიბი ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე. წააწერე შენი სახლის წირთხლებს და კარებს" (II რჯ., 6, 3-9).

ეს დარიგება ახალ აღთქმაშიც ყველაზე მთავარ მცნებად იქნა გაცხადებული იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც დაამატა: ,,გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (მთ., 19,19).

ოჯახში მეუღლეები ერთმანეთს სიყვარულით უნდა ემსახურონ, თუმცა იერარქია ყოველთვის უნდა იყოს დაცული.

ის, რომ მამაკაცი თავია ოჯახისა, არ ნიშნავს მის ბატონობას, არამედ მის მსხვერპლშეწირულ მსახურებას, მის პასუხისმგებლობას ცოლისა და შვილებისადმი. იგია მათი დამცველი, მომპოვებელი არსობის პურისა და ამასთან, ღვთისმმსახური თავისი სახლისა. მან უნდა გამოითხოვოს უფლისაგან წყალობა, სიყვარული და მადლი ოჯახის წევრებისათვის.

ქალი პასუხისმგებელია სახლზე, მისი წევრებისათვის ზრუნვაზე, შვილების აღზრდაზე. იგი ღვთის მცნებების გათვალისწინებით უნდა დაემორჩილოს ქმარს, თუნდაც, რომ ერთი შეხედვით ამის განხორციელება შეუძლებელი იყოს, რადგან ამით აღასრულებს უფლის ნებას (თუმცა ეს არ ნიშნავს ცოდვასა და არასწორ ქმედებებში მორჩილებას).

ქრისტიანულ ოჯახში, რა თქმა უნდა, თავს იჩენს არაერთი განსაცდელი, რაც ურთიერთსიყვარულით უნდა დაიძლიოს. და თუ ეს ასე არ ხდება, იქ არც არის ნამდვილი ოჯახი.

ქრისტიანული ოჯახი უფლის სავანეა, უფლის ბაღია, რომელშიც ცოლსაც და ქმარსაც დაედგინათ მუშაკობა ღვთის სადიდებელად.

როგორი ამაღლებულია ეს ყველაფერი, როგორი სათუთია და გასაფრთხილებელი! ჩვენი ახალგაზრდები კი, სამწუხაროდ, მოუმზადებელნი ხვდებიან ამ უდიდეს საიდუმლოს.

თანამედროვე მსოფლიოში ოჯახურ ფასეულობებს ენაცვლება მხარეთა მერკანტიული ინტერესები. ე.წ. პარტნიორული ურთიერთობები, რომელსაც თან სდევს გარეშე თანაცხოვრების სხვადასხვა ფორმები. მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ კი ისეთი მძიმე ეთიკური საკითხები დააყენა დღის წესრიგში, როგორიც მანმადე არ სმენოდა კაცობრიობას: ხელოვნური განაყოფიერება, სინჯარაში ჩასახული ბავშვები, სუროგატი დედები, გენების შერწყმა, კლონირება და ა.შ.. "ჰუმანისტები" მხარს უჭერენ აბორტს, ევთანაზიასა და თვითმკვლელობას.

ამასთან, მათთვის მეცნიერული პროგრესი აბსოლუტიზირებულია და მიიჩნევენ, რომ რისი გაკეთებაც შესაძლებელია, უნდა გაკეთდეს. ეს ეთიკური სოფიზმია, რადგან ის, რაც ტექნოლოგიურად მიღწევადია, ყველაფერი როდია მორალური და სასარგებლო.

მიზანი ამართლებს საშუალებას, - ესეც მათი ცხოვრების წესია და ესეც სოფიზმია, რადგან არც ყველა მიზანია კარგი და არც ყველა საშუალებაა მისაღები, თუნდაც კარგი მიზნისათვის.

მაგალითად, ფაშისტებს ქონდათ ებრაელების განადგურების სურვილი. განა ეს მიზანი შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს?! ანდა იმისთვის, რომ კაცობრიობის ჯანსაღი ნაწილი მეტად იყოს დაცული, ნუთუ შეიძლება ვინმემ გაამართლოს შიდსით დაავადებულთათვის სიცოცხლის მოსწრაფება?

განა შეიძლება ბედნიერი იყოს ის ოჯახი, სადაც აბორტი კეთდება და უსუსური პატარა არსებების უღვთოდ დაჩეხილი სხეულების აჩრდილები დადიან? და როგორი საშინელებაა იმის წარმოდგენაც კი, რომ ყოველ წელს, არაოფიციალური მონაცემებით, მილიონამდე აბორტი კეთდება საქართველოში და ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინ არის.

შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.

პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა.

ის, რომ კაცთა მოდგმას არ შეუქმნია ოკეანე, ხმელეთი, ციური სხეულები და ბალახიც კი (აღარაფერს ვამბობთ ადამიანზე), ცხადზე ცხადია. აქამდე მხოლოდ ბიოლოგიურად საინტერესო ქიმიკატები (მაგ. ამინომჟავები) მიიღეს, შეჯვარდა და შეარეთეს სიცოცხლის უკვე არსებული ფორმები და სხვა არაფერი.
ხოლო, თუ ჩვენ არ მოგვიტანია სიცოცხლე ამ წუთისოფელში, რა უფლება გვაქვს გვაქვს მოვინდომოთ ბატონობა მასზე? რატომ ვისაკუთრებთ მას, რაც ჩვენი არ არის?
ფაქტია ისიც, რომ მიუხედავად მეცნიერულ-ტექნიკური დიდი წინსვლისა, არ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ სიკვდილს. რატომ? ჩვენ ხომ ყოვლისშემძლენი ვართ? სინამდვილე კი სხვა არის. უფალი ეუბნება მოსეს: ,,მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ" (II რჯ.32,39). იობის წიგნშიც იგივე აზრია: სიცოცხლე 'უფალმა მომცა, უფალმა წაიღო"(იობი 1,21).

ამიტომ, არავითარი უფლება არა გვაქვს ხელვყოთ უფლის ეს წყალობა და ვინც ამას აკეთებს და არ შეინანებს, დაისჯება!

მიუხედავად უამრავი პრობლემისა, კარგი ოჯახები მაინც მრავლად არის საქართველოში, რაც ქვეყნის გადარჩენის გარანტიაა.

მე მინდა დავლოცო ჩვენს სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ყველა ქართული ოჯახი, ასევე ვლოცავ ჩვენი ქვეყნის მკვიდრ სხვა ეროვნების წარმომადგენელთა ოჯახებსაც და ყველას გისურვებთ ღვთისსათნო გზით სვლას, უფლის შიშითა და სიყვარულით ცხოვრებას, რათა იხაროთ ორსავ სოფელსა შინა.
ამასთან, ვითვალისწინებთ რა იმ მართლმადიდებელი ადამიანების დამსახურებას, რომელთაც ბოლო 20 წლის მანძილზე, ეკონომიურად მძიმე მდგომარეობის მიუხედვად, ჩვენს სამწყსოს 4 და მეტი შვილი შესძინეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, ასეთი მშობლები და შვილები განსაკუთრებულად შევავედროთ უფალს და პატრიარქის სიგელით დავაჯილდოვოთ.

მრავალშვილიანობა უდიდესი სიკეთეა.

რომელი წარმავალი სიმდიდრე შეედრება დედმამიშვილების გვერდზე დგომასა და სიყვარულს, რაც ასე სჭირდება ადამიანს ჩვენს მეტად რთულ დროში. თვითონ მშობლებიც უდიდეს ენერგიას იღებენ მათგან, რადგან თითოეული შვილი ცალკე აღებული საოცარი სამყაროა.

მრავალშვილიანობა იმითაც არის ფრიად სასურველი, რომ ბავშვი პატარაობიდანვე სწავლობს ეგოიზმის დაძლევას, სხვაზე მზრუნველობას და მშობლებისგან მომდინარე სიყვარულის სხვისთვის განაწილებას.

ვისაც სამი და მეტი ბავშვი ჰყავს, კარგად იცის, ხშირად როგორ უჭირს პირველ შვილს ახლად დაბადებულ მეორე ჩვილთან შეგუება და სულ ეძებს დროს, რაიმეთი ავნოს მას; მესამე პატარის შემატებას პირველი უფრო ადვილად იტანს, მეორე კი უფრო მეტად განიცდის, მაგრამ ისე არა, როგორც პირველ შვილს უმძიმდა თავიდან, მეოთხე ბავშვის დაბადება უკვე აწონასწორებს ყველაფერს და ა.შ.

ანუ შვილთა სიმრავლე მათი სწორად აღზრდის ერთ-ერთი გარანტიაა, რადგან ასეთ გარემოში "მე"-ზე ორიენტირებული სულისკვეთება სიყვარულის გამრავლებითა და გაცემით იცვლება და თუ ამას სწორი აღზრდაც დაემატა, მივიღებთ იმ მდგომარეობას, რაზეც ბიბლია ბრძანებს: ქალი შვილთა სიმრავლით ცხონდებაო (I ტიმ. 2,15).

ამ საქმეში მთავარი როლი და პასუხისმგებლობა დედას ეკისრება. მიუხედავად იმისა, რომ გოგონები ხშირად ფსევდოკულტურითა და ცრუ თავისუფლებით არიან გატაცებულნი, როდესაც დედები ხდებიან, მათში სხვა გრძნობები იღვიძებს სხვა აზროვნება უყალიბდებათ, რადგან სწორედ ისინი ხდებიან სიყვარულით მსახურების მთავარი მომქმედნი და ეს იწვევს სწორედ შინაგან ფერიცვალებას.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მეუღლეებმა, რომელთაც საკუთარი შვილი არ ყავთ, ეს ტრაგედიად არ უნდა მიიჩნიონ; მთავარია მათი ერთად ცხოვრება სასუფევლის დამკვიდრებისთვის მომზადებად იქცეს.

სასურველია ბავშვის აყვანაც. ეს დიდი მადლია და ამ შემთხვევაში მათ ეკლესიაში საგანგებო ლოცვა ეკითხებათ.

* * *
ამქვეყნიური ჩვენი ყოფა დროებითია და მსწრაფლწარმავალი. დრო კი რომელშიც ვცხოვრობთ, წრიულია, განმეორებადი და, ამავე დროს, სწორხაზოვანი, - მიემართება დასაწყისიდან დასასრულისკენ. ამასთან, სხვადასხვა ქმნილებისათვის ყოფის ხანგრძლივობა სხვადასხვანაირია: ზოგისათვის - რამდენიმე საათი, ზოგისთვის - რამდენიმე დღე, სხვისთვის - წლები, საუკუნეები ან საერთოდაც ათასწლეულები.

სამყარო და დრო ერთდროულად გაჩნდა. აი, როგორ მიმართავს ნეტარი ავგუსტინე უფალს: ,,შენა ხარ დროის შემომქმედი; არ არსებობს დრო შენი თანამარადისი რომ იყოს, რადგან შენ წარუვალი ხარ, ხოლო დრო რომ წარუვალი იყოს, დროც აღარ იქნებოდა იგი."

სამოთხეში ყოფნის პერიოდს მამები ,,წმინდა დროდ" მოიხსენებენ. იგი სხვა სახისა იყო და იქ არც ადამი არც ევა არ ექვემდებარებოდნენ მის მდინარებას. ის დრო კი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, დადგა ცოდვით დაცემის შემდეგ.

პირველი ადამიანები, მოაკლდნენ რა "ცხოვრების ხის" ნაყოფს, - ანუ უფალთან ურთიერთობის შესაძლებლობას, დაკნინდნენ; მათი აზროვნების წესიც შეიცვალა და მიწიერი ყოფით შემოიფარგლა, თუმცა ლტოლვა სამოთხისა და ღვთისაკენ კვლავ დარჩათ. ამიტომაც ადამიანი გაორდა, გაორდა მისი ამქვეყნიური დროც: ლიტურგიკული დროით იგი კვლავ უკავშირდება ღმერთს, ხოლო ყოფითი დრო მოიცავს ცხოვრების იმ ნაწილს, რაზეც ბიბლიაში წერია: ,,ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო არს" (ეკლ. 1,2).

დროის გაყოფა ყველაზე რეალური სახით მოხდა პირველი მსხვერპლშეწირვის შემდეგ, როდესაც კაენმა უფლის ძღვენი ამპარტავნების სულით გაიღო, ხოლო აბელმა - გულწრფელი, უშურველი სიყვარულით.

კაენის შური შუღლში გადაიზარდა, აბელის მოკვლით კი მასში მიწიერი და ეგოისტური სული იმდენად გაძლიერდა, რომ ღვთის პირისაგან თავისი ნებით საბოლოოდ მიეფარა და აღარ უნდოდა უფალთან ურთიერთობა; ამით დასრულდა მისი ლიტურგიკული დროც, რამაც მხოლოდ მიწიერი ყოფის სურვილი გაუღვივა და გამოიწვია სიკვდილისადმი ძრწოლა, ანუ შემოქმედთან შეხვედრის შიში. (ზოგადად ასეთივე დამოკიდებულება აქვთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ღვთის საწინააღმდეგოდ ცხოვრობენ.)

აბელს კი, მართალია, ამქვეყნიური ყოფა წაერთვა, მაგრამ მისი ლიტურგიკული დრო მომავალი მარადიული ნეტარი ცხოვრების საწყისად იქცა. დედამიწაზე კი მისი გზა სეითმა და მისმა მოდგმამ გააგრძელეს.

რას ნიშნავს ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის, ლიტურგიკული დროით ცხოვრება?

თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ კარგად დავუკვირდებით, წუთისოფელში აწმყო, ფაქტიურად, არ არსებობს; ის, რასაც აწმყოს ვარქმევთ, იმ წამსვე იქცევა წარსულად. ასე რომ, ჩვენ წარსულსა და მომავალს შორის ვიმყოფებით. მარადისობაში კი მუდმივი აწმყოა. იქ წარსული და მომავალი არ არსებობს.
და თუ გვსურს, სწორად ვიცხოვროთ, უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ჩვენს წარმავალ დროში მარადიულობა შემოვიყვანოთ და დრო მოძრავ მარადისობად ვაქციოთ (წმ.იოანე დამასკელი).

ეს საიდუმლო ეკლესიაში აღესრულება. ამიტომაც კარგავს აქ დრო თავის ძირითად ფიზიკურ თვისებებს, - შეუქცევადობას და სწორხაზოვნობას, რაც საეკლესიო დღესასწაულთა განმეორადობით, წრიული მდინარებითა და მათი განმაახლებელი მოქმედებითაა განპირობებული.

ჩვენ აქ მუდმივად ვხდებით თანამონაწილე სამყაროს შექმნისა, მამამთავართა და წინასწარმეტყველთა ეპოქისა, მაცხოვრისა და მისი მოწაფეების და წმინდანების ცხოვრებისა, საერთოდ ადამიანისა და სამყაროს ხსნის შესახებ საღმრთო განგებულების ისტორიისა.

ყოველ დღეს თავისი დატვირთვა აქვს: კვირა საღვთისმსახურო ციკლის ცენტრს, - ქრისტეს აღდგომას წარმოადგენს. ორშაბათი, ზოგადად, ანგელოზთა დღეა, სამშაბათი - წმ. იოანე ნათლისმცემლისა, ოთხშაბათი - ჯვრის, ხუთშაბათი - წმ. ნიკოლოზის, პარასკევი - ჯვარცმის, შაბათი კი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმ. მოციქულების.

წლის ციკლის ფორმირებაც, პირველ რიგში, აღდგომას უკავშირდება და მას პასექის დღესასწაული განაპირობებს. ამასთან, არის უძრავი და მოძრავი უმნიშვნელოვანესი დღეები, რომლებიც უფლის, ღვთისმშობლის, ზეციურ ძალთა, მოციქულთა და წმინდანების სახელს უკავშირდება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, გარდა ეკლესიური ცხოვრებისა, ლიტურგიკული დროით ცხოვრება ნიშნავს ყოველდღიური ყოფის ისე წარმართვას, რომ ადამიანის გული და გონება მუდმივად იყოს ღმერთთან კავშირში. ეს კი გულისხმობს გაცნობიერებას იმისას, რომ თუ არა უფლის შეწევნა, ჩვენ ვერ შევძლებდით ვერც სუნთქვას, ვერც სიარულს, ვერც აზროვნებას, და რაიმე საქმის გაკეთებას, გარშემომყოფთა და საერთოდ, სამყაროს აღქმას: ვერ მოვიპოვებდით საკვებს, ჩასაცმელს, საცხოვრისს, ვერ შევქმნიდით კულტურას, ვერც მეცნიერულ აღმოჩენებს გავაკეთებთ...

ანუ უნდა დავინახოთ, რომ ყოველივე უფლის ნებით მოგვეცა, რათა გარემო უკეთესი გავხადოთ, ღვთის მადლიერნი და მისი თანაშემომქმედნი გავხდეთ და არა მოწინააღმდეგენი. თუმცა არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია.

თუ, მაგალითად, შენ პედაგოგი ხარ და მოსწავლეებს ზრდი იმ სულისკვეთებით, რომ იყვნენ სამშობლოს ერთგული შვილები, უყვარდეთ ღმერთი და ერთმანეთი, საერთოდ, მოყვასი, ასწავლი შურის დაძლევას, წყენის დავიწყებას და ადვილად შერიგებას, განსაცდელში მყოფთადმი დახმარებას, უფროსებისადმი პატივისცემას, ბუნების, შრომის, წიგნების კითხვის, ღრმა აზროვნების სიყვარულს და შენც თუ ასევე ცხოვრობ, მაშინ შენი ამქვეყნიური ყოფა მარადიულობით არის განმსჭვალული, რადგან ეგოიზმისგან თავისუფალ ღვთისსათნო აზროვნებას ამკვიდრებ.

თუ შენ დამლაგებელი ხარ და ყოველდღე პატიოსნად და სიყვარულით აკეთებ შენს საქმეს, არ აგვიანებ სამსახურში, ეხმარები მოყვასს, ჰმადლობ ღმერთს არსობის პურისთვის, არ ივიწყებ სულიერ ცხოვრებას და უფლის მცნებებს, შინ და გარეთ კეთილი დამოკიდებულების დამკვიდრებას უწყობ ხელს, შენ ლიტურგიკული დროით ცხოვრობ.

თუ დიასახლისი ხარ და შვილებზე ზრუნვას გირჩევნია, სამსახური გქონდეს მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესად გაერთო, თუ შენ არაფერს ერიდები, რათა კომფორტული ცხოვრება მოიწყო და არ გადარდებს ამისთვის სხვისი მსხვერპლად გაწირვა, თუ შენ აბორტით ან სხვა თანამედროვე საშუალებებით ახდენ ოჯახის დაგეგმარებას, ეგოისტურად ზრდი ბავშვებს, არ ასწავლი მათ მოწყალების გაცემას და გაჭირვებულისადმი თანადგომას, არ ასწავლი მეგობრობას, სიმართლის სიყვარულს, ერთგულებას, - კაენის სულს ვერ მოიცილებ და მისი ხვედრის თანაზიარი გახდები.

,,ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი." ბრძანებს მოციქული (გალ.6,2). ფიზიკურ და მატერიალურ დახმარებასთან ერთად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ლოცვით შეწევნას და ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს.

მინდა შეგახსენოთ ანტონი სუროჟელის მიერ მოხმობილი ერთი ამბავი: ,,იყო ახალგაზრდა მოძღვარი, რომელსაც სხვისი ცოდვების დანახვის უნარი მიეცა და როცა ერთხელ მასთან მეტად მძიმე ცოდვებით სავსე ადამიანი მივიდა აღსარებისათვის, არ მიიღო. თუმცა მალე სინდისმა შეაწუხა და ამის შესახებ გამოცდილ ბერს უამბო. მან უსაყვედურა: როგორ გააბრუნე? ის ხომ სინანულით მოვიდა და შენ იყავი მისი ბოლო იმედი?

ახალგაზრდა მოძღვარი ისე შეწუხდა, ღმერთს სთხოვდა, ნათელხილვის უნარი აღარ ქონოდა. გულწრფელი სინანულისათვის უფალმა მას თანალმობის მადლი მიანიჭა. და აი, ერთხელაც, როცა მას მეტად მძიმე ხასიათის სახლის მეპატრონესთან მოუწია ღამის გათენება, იგი აღარ დაბრკოლდა მისი ცოდვების გამო, არამედ ერთ კუთხეში გულმხურვალედ დაიწყო ლოცვა მეპატრონესათვის და თან მის დანაშაულობებს ამბობდა.

მასპინძელი სასულიერო პირის ლოცვით დაინტერესდა და ჩუმად დაუგდო ყური. იგი გაოგნებული ისმენდა თავისი ცოდვების შესახებ ახალგაზრდა მოძღვრის ღვთისადმი ვედრებას და ამან იმდენად შეძრა, რომ იმ დღიდან სრულიად განსხვავებული ცხოვრება დაიწყო.

ასეთი მაგალითები მის ცხოვრებაში მრავლად იყო და როცა ეკითხებოდნენ, როგორ ახერხებდა ადამიანების მოქცევას, მოძღვარი პასუხობდა: ,,როდესაც ჩემთან მოდის ცოდვით დამძიმებული პიროვნება, რომელიც ვერ ხედავს თავის დანაშაულს და სინანული არა აქვს, ვცდილობ სულიერად მის შინაგან სამყაროს ჩავწვდე და იმ აზრით, რომ ჩვენ ვართ ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი ერთმანეთისა, ვიწყებ სინანულით ლოცვა-ვედრებას მისი და ჩემი, ანუ ჩვენი ცოდვებისათვის და ეს ადამიანიც, ღვთის მადლით, თანდათან იწყებს შემობრუნებას."

ღმერთმა ჩვენც მოგვცეს ძალა ამგვარი წესით ცხოვრებისა.

მე იმედი მაქვს, რომ, მიუხედავად ჩვენს წინაშე არსებული მრავალი დიდი პრობლემისა, საქართველო გაუძლებს დროის გამოცდას და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით ღვთის მადიდებელი სული მუდამ იზეიმებს ჩვენს ქვეყანაში.

ქრისტეს ეკლესიის სამწყსოვ: დღეს "მოიწია დროის სისრულე, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, ... რათა ჩვენც მიგვეღო ძეობა". ასე რომ მონანი კი აღარა ხართ, არამედ ძენი, ხოლო თუ ძენი ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღვთისა მიერ (გალ.4, 4-7).

მაშ, გიხაროდეთ, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, იეზიდნო, უდინინნო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო ..., ყოველნო შვილნო საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა; გიხაროდეთ ყოველნო ღვთისმოყვარენო: ,,დღეს, დავითის ქალაქში, დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი" (ლუკა 2,11).

თქვენი ერთგულების ნიშნად ანთებული სანთლებით შეხვდით მას და იმედითა და სიყვარულით მიეგებეთ!

მარადის თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
ქრისტეს შობა 2013-2014 წელი”

კომენტარები