გერმანია-რუსეთი

გერმანულ-რუსული ურთიერთობების მომავალი

გერმანია-რუსეთის ახლო ურთიერთობებს ისტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორები განაპირობებენ. ბერლინის კედლის დაცემამ, გერმანიის გაერთიანებამ და საბჭოთა კავშირის დაშლამ ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შექმნა ევროპაში, სადაც გერმანია და რუსეთი უშუალო მეზობლები აღარ არიან და ერთმანეთისათვის სამხედრო საფრთხეს აღარ წარმოადგენენ, როგორც ეს ცივი ომის, ან უფრო ადრე – პირველი და მეორე მსოფლიო ომების წინა პერიოდში იყო.

2000-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთში პუტინის ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას და მის თანმდევ მოვლენებს, როგორებიც იყო ომი ჩეჩნეთში, პრესის თავისუფლების შეზღუდვა, ხელახალი მილიტარიზაცია, სპეცსამსახურების როლის ზრდა, ზეწოლა მეზობელ სახელმწიფოებზე – გერმანია-რუსეთის ურთიერთობებზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია, რაც, უპირველეს ყოვლისა, სოციალ-დემოკრატი კანცლერის, გერჰარდ შროდერის პუტინისადმი კეთილგანწყობით და მათი პირადი მეგობრობით შეიძლება აიხსნას. სოციალ-დემოკრატების რუსოფილია ფესვებს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან იღებს და მან აპოთეოზს 1970-იან წლებში მიაღწია, როცა დასავლეთ გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ საბჭოთა კავშირსა და მის აღმოსავლეთევროპულ სატელიტებთან ურთიერთობების რადიკალური გაუმჯობესება შეძლო. ამრიგად, შროდერს გარკვეული ისტორიული ტრადიციის მოშველიებაც შეეძლო თავისი რუსული პოლიტიკის დასაბუთების მიზნით.

გერმანელ სოციალ-დემოკრატთა ისტორიული ნარატივი კომუნისტური ბლოკის დაშლას კანცლერ ვილი ბრანდტის სოციალ-დემოკრატიული კაბინეტის „აღმოსავლეთის პოლიტიკასა" (გერმანულად: Ostpolitik) და ჰელსინკის შეთანხმების შედეგებს უკავშირებს. აქედან გამომდინარე, არსებობს რწმენა, რომ გორბაჩოვისეული „პერესტროიკის" მაგალითზე ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმების შინაგანი გარდაქმნაა შესაძლებელი, თუკი დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოები მათთან დიალოგის და კოოპერაციის გზას აირჩევენ და არა კონფრონტაციის და სანქციების. სწორედ ამგვარი მიდგომა ახასიათებთ გერმანელ სოციალ-დემოკრატებს პუტინის რეჟიმის მიმართაც, რაც 2000-იან წლებში გერმანიის რუსული პოლიტიკის იდეოლოგიურ საფუძველს წარმოადგენდა.

რუსეთში მედვედევის პრეზიდენტობის ხანაში გერმანიის პრორუსული პოლიტიკის გამართლება რუსეთის პრეზიდენტის „ლიბერალური" და „მოდერნიზატორული" კურსით აიხსნებოდა. მართალია, ეს ყველაფერი სიტყვებად დარჩა, მაგრამ გერმანია-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელსაც შროდერმა და პუტინმა 2000-იანი წლების დასაწყისში ჩაუყარეს საფუძველი, კიდევ უფრო გაღრმავდა მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში არსებული კორუფცია მცირე და საშუალო გერმანული ინვესტიციებისათვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. მერკელის პირველ კაბინეტში 2009 წლამდე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი სოციალ-დემოკრატ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ეკავა, რომელმაც შროდერის კაბინეტის პოლიტიკა რუსეთის მიმართ გააგრძელა. რადიკალური ცვლილებები არც 2009 წლის შემდეგ სოციალ-დემოკრატების მთავრობიდან გამოთიშვას მოუტანია.

აღნიშვნას იმსახურებს მაღალი რანგის სოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსების პირადი კავშირები რუსეთის მმართველ ელიტასთან. გაზპრომის ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში შროდერის ყბადაღებული მონაწილეობის გარდა, 2013 წლის მაისში გერმანული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ჰამბურგის ყოფილი ბურგერმაისტერის, ჰენინგ ვოშერაუს და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ვოლფგანგ კლემენტის ბიზნესკავშირები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორთან.

გასული წლის მარტში, ვლადიმირ პუტინის რუსეთის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებში, რომელიც გერმანიის გაერთიანების და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოველთვის მჭიდრო და მეგობრული იყო, უპრეცედენტო კრიზისი დაიწყო, რისი ინიცირებაც თავად პუტინმა მოახდინა.

რუსეთის დუმის და საპრეზიდენტო არჩევნებისადმი გერმანული მედიის კრიტიკულმა დამოკიდებულებამ და თანმხლები პროტესტების ფართოდ გაშუქებამ პუტინის რეჟიმი გააღიზიანა. ესკალაციის შემდეგი საფეხური იყო გერმანულ ფონდებში ჩატარებული ჩხრეკა და იქ „ფინანსური დარღვევების აღმოჩენა". განხეთქილების გაღრმავებას ხელი შეუწყო სირიაში არსებული კრიზისისადმი განსხვავებულმა მიდგომებმაც: მაშინ, როცა რუსეთი სირიის რეჟიმს იარაღით ამარაგებს და აქტიურ დიპლომატიურ მხარდაჭერას უწევს, გერმანიის მთავრობა ასადის გადადგომაში ხედავს შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს.

საპროტესტო აქცია საერთაშორისო ტრიბუნალის წინ. ჰამბურგი 2013
ფოტო: Reuters
ასული წლიდან მოყოლებული, გერმანელი ქრისტიან-დემოკრატების საპარლამენტო ფრაქცია უკვე აღარ ერიდება რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებისა და დემოკრატიის დეფიციტის ღია კრიტიკას.

თუ რამდენად დაძაბული გახდა გერმანია-რუსეთის ურთიერთობა ბოლო პერიოდში, ნათლად აჩვენებს ის ფაქტი, რომ წარსულში მეორეხარისხოვნად მიჩნეული საკითხები სერიოზული დიპლომატიური კონფლიქტების მიზეზი ხდება. ივნისში სკანდალი გამოიწვია რუსეთში გამოფენის გახსნაზე მიწვეული ანგელა მერკელისთვის სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევამ. მერკელის მიერ წინასწარ მომზადებულ სიტყვაში ნახსენები იყო მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა ჯარების მიერ ოკუპირებული გერმანიიდან ხელოვნების ნიმუშების რეკვიზიცია, რომლებიც ამჟამად რუსეთში ინახება. მიტაცებული ხელოვნების ნიმუშების თემაზე გერმანია და რუსეთი უკვე 20 წელზე მეტია დავობენ, თუმცა ამ საკითხის ქვეყნის ლიდერების დონეზე განხილვა და მედიის ყურადღების ეპიცენტრში მოქცევა წელს პირველად მოხდა.

ურთიერთობების დაძაბვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია აზრთა სხვადასხვაობა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით. მაშინ, როცა რუსეთი ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს პოსტსაბჭოურ ქვეყნებს ევროკავშირთან ასოცირებაში, გერმანელი პოლიტიკოსები აღმოსავლეთის პარტნიორობის პროექტს ბოლო წლებში გერმანიის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად მიიჩნევენ.

გერმანიაში 22 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგები და NSA-სთან დაკავშირებული სკანდალი ზოგიერთ კომენტატორს იმის ფიქრის საფუძველს აძლევს, რომ გერმანიის ამჟამინდელი ხისტი პოლიტიკა რუსეთის მიმართ შეიძლება შეიცვალოს და ურთიერთობების ხელახალი დათბობის მომსწრენი გავხდეთ. არჩევნების შედეგად „დიდი კოალიციის" განახლებას უნდა ველოდოთ. ქრისტიან-დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების კოალიციურ კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს სოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსი დაიკავებს – სავარაუდოდ, ისევ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელსაც მინისტრობისას რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის გამოცდილება უკვე აქვს.

თუ როგორი შეიძლება იყოს გერმანიის ახალი მთავრობის რუსული პოლიტიკა, საარჩევნო კამპანიისას, სოციალ-დემოკრატების კანცლერობის კანდიდატის პეერ შტაინბრუკის განცხადებამ აჩვენა, რომლის მიხედვითაც, „დემოკრატიის დასავლური მოდელის უშუალოდ გადატანა რუსეთზე" არ უნდა მოხდეს და გერმანიამ „დიალოგის" რეჟიმში უნდა იმუშაოს რუსეთის ხელისუფლებასთან. ბედის ირონიით, ეს განცხადება დაემთხვა მოსკოვში, გერმანულ ფონდებში, მათ შორის, სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან ახლოს მდგომ ფრიდრიხ-ებერტის ფონდში ჩხრეკის ჩატარებას, მაგრამ ვერც ამ მოვლენამ შეცვალა სოციალ-დემოკრატების განწყობა რუსეთის მიმართ.

მას შემდეგ, რაც ედვარდ სნოუდენმა რუსეთის ხელისუფლებისგან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, პრესაში საიდუმლო დოკუმენტები გავრცელდა, რომელთა მიხედვითაც, აშშ-ის სპეცსამსახური ფართომასშტაბიან მოსმენებს ახორციელებდა გერმანიაში და, მათ შორის, ანგელა მერკელის მობილურ ტელეფონსაც უსმენდა. გერმანული მედია ამ ინფორმაციის გავრცელებას რუსეთის საგარეო-პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს, კერძოდ კი, პუტინის სურვილს, ევროპელებსა და ამერიკელებს შორის შუღლი ჩამოაგდოს და ამ გზით დასავლური ალიანსი შეასუსტოს.

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მერკელი მოსმენების სკანდალის შემდეგ თავის დამოკიდებულებას პუტინის რეჟიმის მიმართ შეცვლის, თუმცა გერმანულ საზოგადოებაში ანტიამერიკული განწყობა გაიზრდება, ხოლო სოციალ-დემოკრატების კოალიციურ მთავრობაში მონაწილეობის შემთხვევაში, გერმანიის კრიტიკა რუსეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის მიმართ შესუსტდება. თუმცა რჩება აღმოსავლეთის პარტნიორობის საკითხი, რაზეც გერმანიასა და რუსეთს შორის შეთანხმება შეუძლებელი ჩანს.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ჩართულობის შემცირებამ ობამას ადმინისტრაციის პირობებში, ერთი შეხედვით, პარადოქსული სიტუაცია გამოიწვია: ევროკავშირი, ან მისი ცალკეული წევრი ქვეყნები, სულ უფრო მეტად ცდილობენ ჩაანაცვლონ ამერიკის გეოპოლიტიკური როლი მათ უშუალო სამეზობლოში, რისი მაგალითებიც საფრანგეთის მიერ „არაბული გაზაფხულის" სამხედრო მხარდაჭერა და გერმანული საგარეო პოლიტიკის პოსტსაბჭოურ სივრცეში გააქტიურებაა. თუკი გერმანულ-რუსული ურთიერთობების მომავალს ყველაზე სახელგანთქმული გერმანელი კანცლერის, ოტო ფონ ბისმარკის „რეალპოლიტიკის" პოზიციიდან შევხედავთ, შეერთებული შტატების მზარდად იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკის ფონზე, ორი ქვეყნის ინტერესთა შეჯახება აღმოსავლეთ ევროპის სივრცეზე, მათ შორის, საქართველოშიც, გარდაუვლად უნდა მივიჩნიოთ. ღირებულებით კონფლიქტს ემატება ახალი, გეოპოლიტიკური განზომილება.

კომენტარები