ოთარ ფარცხალაძის საქმე

უსუფაშვილი: ფარცხალაძეს ნასამართლობის გამო თანამდებობაზე ალბათ არ დავნიშნავდი

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მისი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ფარცხალაძეს გერმანიაში ნასამართლობის გამო, თანამდებობაზე არ დანიშნავდა. ამის შესახებ უსუფაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა.

”რაც შეეხება ბატონი ფარცხალაძის მიმართ არსებულ ასპექტებს, გერმანიაში ნასამართლობის გამო მას ამ თანამდებობაზე დავნიშნავდი თუ არ დავნიშნავდი, ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ალბათ არა, იმიტომ რომ ვიცი, ეს მერე იქნებოდა გამოყენებული ასეთი მიზნებისთვის. ამასობაში თანამდებობაზე უკვე დანიშნულ ფარცხალაძეს ამ ფაქტის გამო გავათავისუფლებდი თუ არა – არა, არ გავათავისუფლებდი, იმიტომ რომ, თუ დავნიშნეთ და ჩავთვალეთ, რომ ეს არ არის იმ დონის მორალური პრობლემა, მაშინ მისი ამ მიზეზით თანამდებობიდან გადაყენება იქნება არასწორი ნაბიჯი”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში ყაჩაღური ქურდობის ბრალდებით არის ნასამართლევი. ფარცხალაძის განმარტებით, ინციდენტი გერმანიაში ნამდვილად შეემთხვა, თუმცა, მისი თქმით, ეს გაუგებრობა იყო და სასამართლომ პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულეობა დაუდგინა.

კომენტარები