ოთარ ფარცხალაძის საქმე

ბოკერია: უსუფაშვილმა ზვიად ძიძიგურს და ჩვენს ისტორიას შეურაცხყოფა მიაყენა

გიგა ბოკერია
tabula.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უმრავლესობის წევრს ზვიად ძიძიგურს შეურაცხყოფა მიაყენა, როდესაც მისი წარსული მთავარი პროკურორის ნასამართლობის კონტექსტში განიხილა. როგორც ბოკერიამ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, ეს არის საქართველოს ისტორიის შეურაცხყოფაც.

"ითქვა, თუ არ ვცდები პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რომ ზვიად ძიძიგურიც საკანში იყო და ამ კაცს მომავალი არ უნდა ჰქონდესო? ყველამ იცის, რომ ბატონ ზვიად ძიძიგურთან არანაირი პოლიტიკური სიმპატია არ მაკავშირებს, მაგრამ ეს არის მისი და ჩვენი ისტორიის შეურაცხყოფა. ძიძიგური პოლიტიკური მოტივებით გაასამართლეს და ის იყო რეაბილიტირებული. მეორე სამარცხვინო პოლიტიკურმა ფიგურამ თქვა, რომ გივი თარგამაძესაც გაასამართლებს მალე რუსეთი და რას ნიშნავს, რომ ცუდი კაციაო? პუტინის მიერ დევნილ ჩვენს თანამებრძოლს იმის გამო, რომ რუსეთის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა, მოუგონეს რაღაც გიჟური ამბავი და ეს მაგალითი მოჰყავთ. ორივე მაგალითი დავასახელე, ჩემთვის მიუღებელი პოლიტიკური ფიგურის და ჩემი თანამებრძოლის. ბარემ მანდელას მაგალითიც მოვიყვანოთ, რომელიც პრეზიდენტი გახდა?" - ამბობს ბოკერია და აღნიშნავს, რომ "აქ ლაპარაკია ჩვეულებრივ, ტრივიალურ, მაგრამ საგანგაშო კრიმინალზე".

ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანს აინტერესებს, რატომ არ აქვეყნებენ ოთარ ფარცხალაძის საქმეს, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს ხელისუფლებისთვის თუ ამას მოითხოვენ.

"იქნებ ვინმემ თქვას, რომ ფარცხალაძეს გერმანიაში პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ, რამეს უგონებენ და პოლიცია ერჩოდა?" - იკითხა ბოკერიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ მისი მოადგილე პარლამენტში არის ზვიად ძიძიგური, რომელიც სიკვდილმისჯილის საკანში იჯდა.

"ამიტომ როცა ვსაუბრობთ ნასამართლობაზე, უნდა ვნახოთ, რაშია საქმე" - აღნიშნა უსუფაშვილმა.

უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ კი, გადაცემა არჩევანის წამყვანის შეკითხვას იმის შესახებ თუ რამდენად მისაღებია მისთვის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ნასამართლევი ოთარ ფარცხალაძე, უპასუხა, რომ გივი თარგამაძეც ძებნილია.

"რა ვქნათ, ვილაპარაკოთ ასეთ მორალურ კატეგორიებზე?" - აღნიშნა ბესელიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რომ გივი თარგამაძე რუსეთშია ძებნილი, რადგან ქვეყნებს ვერ დავაყენებთ იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში უფრო მაღალი სტანდარტი არსებობს სისხლის სამართლებრივი დევნის - გერმანიაში თუ რუსეთში.

შეგახსენებთ, თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში ყაჩაღური ქურდობის ბრალდებით არის ნასამართლევი. ფარცხალაძის განმარტებით, ინციდენტი გერმანიაში ნამდვილად შეემთხვა, თუმცა, მისი თქმით, ეს გაუგებრობა იყო და სასამართლომ პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულეობა დაუდგინა.

 

კომენტარები