საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 2013 წლის ანგარიში წარადგინა.
ექსპო ჯორჯიაში გამართულ პრეზენტაციაზე, სერგეენკომ აღნიშნა, რომ სამინისტროს დაკარგული ჰქონდა მისი მთავარი ფუნქცია – პოლიტიკის შემუშავება და ამ პოლიტიკის განხორციელებაზე ეფექტური მონიტორინგი.
მინისტრის თქმით, 2012 წელს დაზღვევის არმქონე მოსახლეობის რაოდენობა 56%-ს შეადგენდა. საყოველთაო ჯანდაცვამ კი 2,5 მილიონი სამედიცინო დაზღვევის არმქონე მოსახლეობა მოიცვა. მინისტრის ინფორმაციით, 1-ლი ივლისიდან 26 დეკემბრამდე მონაკვეთში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, 141 104-მა მოქალაქემ ისარგებლა.
დავით სერგეენკოს განცხადებით, სამინისტრომ 2013 წელს ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები შეაფასა და ორწლიანი სამოქმედო გეგმა მოამზადა, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს სასწრაფო გამოძახებებზე დროული რეაგირება და მიწოდებული მომსახურების ხარისხი. მისივე თქმით, 1-ლი სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, გამოძახებებზე დაგვიანების ან არგასვლის 10 858 შემთხვევა დაფიქსირდა.
"რაც შეეხება სოციალურ სფეროს, სამინისტროს ინფორმაციით, 1-ლი სექტემბრიდან მინიმალური პენსია 150 ლარი გახდა. პენსიის მატება შეეხო 681 392 პენსიონერს. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური პაკეტი 125 ლარიდან გაიზარდა 150 ლარამდე, მატება შეეხო 21 892 პირს. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სოციალური პაკეტი 70 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა, მატება შეეხო 72 200 პირს. შშმ ბავშვები, ასევე ბავშვობიდან შშმ პირების სოციალური პაკეტი 70 ლარიდან გაიზარდა 100 ლარამდე, მატება შეეხო 12 921 პირს. მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრების სოციალური პაკეტი 55 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა, მატება შეეხო 26 700 პირს. პოლიტრეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის სოციალური პაკეტი კი 62 ლარიდან 107 ლარამდე გაიზარდა, მატება შეეხო 1350 პირს" - აცხადებს სერგეენკო და აღნიშნავს, რომ სოციალური დახმარების მინიჭების სისტემა დიდი ხარვეზებით მუშაობდა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შრომის კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებითაც. ასევე ისაუბრა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო ელექტრონული სისტემის worknet.gov.ge–ს შესახებ.
სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის 1-ლი იანვრიდან 2013 წლის 13 დეკემბრამდე სამედიცინო მედიაციის სამსახურში რეგისტრირებულია 12 818 განაცხადი. პაციენტსა და სადაზღვევო კომპანიას შორის; სადაზღვევო კომპანიასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის; პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის წარმოშობილი დავების საფუძვლად, სამედიცინო მედიაციის სამსახურში 2013 წლის პირველი იანვრიდან დღემდე შესულია 205 სარჩელი ქონებრივ დავაზე 23 660 959.07 ლარის მოთხოვნით.
ამასთან, 2014 წლის 1-ლი იანვრიდან იცვლება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულებასთან დაკავშირებული ანაზღაურების წესი. ასევე, სახელმწიფო კომპენსაცია 500 ლარის ოდენობით უნდა დაენიშნოს საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს; ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის 22-24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.





