ოთარ ფარცხალაძის საქმე

მარგველაშვილი: შეკითხვას დიპლომის ავთენტურობის თაობაზე პრეზიდენტს არ უსვამენ

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მთავარი პროკურორის თემა აღმასრულებელ ხელისუფლებას ეხება. ჟურნალისტები ოთარ ფარცხალაძის დიპლომითა და მისი შესაძლო ნასამართლობის შესახებ ინფორმაციით დაინტერესდნენ, რაზეც მარგველაშვილმა უპასუხა, რომ კითხვის მისთვის დასმა არაადეკვატურია.

"მე არც არქივში ვმუშაობ და არც ის ადამიანი ვარ, რომელიც დიპლომებს ამოწმებს. შეკითხვას დიპლომის ავთენტურობის თაობაზე პრეზიდენტს არ უსვამენ", - თქვა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის ან მოხსნის საკითხს, პრეზიდენტის განცხადებით, ის პარლამენტში წარადგენს არა მთავარ პროკურორსა და მინისტრების კანდიდატურებს, არამედ პრემიერმინისტრის კანდიდატურას.

"შესაბამისად, პროკურორის თემა ეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, ეხებათ იმ პირებს, ვინც ამ თემას კურირებენ. მივცეთ მათ შესაძლებლობა, თავისი პოზიცია ჩამოაყალიბონ", - ამბობს მარგველაშვილი.

ცნობისთვის, თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე  გერმანიაში ყაჩაღური ქურდობის ბრალდებით არის ნასამართლევი. ფარცხალაძის განმარტებით, ინციდენტი გერმანიაში ნამდვილად შეემთხვა, თუმცა, მისი თქმით, ეს გაუგებრობა იყო და სასამართლომ პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულეობა დაუდგინა.

ამასთან, საპარლამენტო უმცირესობა მისი დიპლომის ავთენტურობის დადგენას ითხოვს. 1976 წელს დაბადებული ოთარ ფარცხალაძე აცხადებს, რომ 1995 წელს დაამთავრა საქართველოს ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის სპეციალობით. თუმცა, საჯარო რეესტრის ბაზაში მოპოვებული დოკუმენტი აჩვენებს, რომ საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი მხოლოდ 1992 წლის 2 ივნისს განათლების სამინისტროს ნებართვით შემდეგ შეიქმნა. 

 

კომენტარები