გიგი უგულავას საქმე

უგრეხელიძე: მერისთვის უფლებამოსილების შეჩერება აღუსრულებელი გადაწყვეტილებაა

გიგი უგულავა ამ დრომდე არჩეული მერია. ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა სევდია უგრეხელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, სასამართლოს განჩინების მიხედვით, გიგი უგულავა უნდა გაათავისუფლოს ზემდგომმა, ხოლო რადგან უგულავა პირდაპირი წესით არჩეული მერია, მისი ზემდგომი, უგრეხელიძის თქმით, მხოლოდ ხალხია.

„ბრძანებაც კი არ არსებობს მისი დანიშვნის. ის საარჩევნო კომისიის მონაცემების საფუძველზე არის და ასრულებს თავის მოვალეობას. უგულავა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღარ იქნება დედაქალაქის მერი, თუ ის ნებაყოფლობით დატოვებს თანამდებობას. სხვა გზას მე ვერ ვხედავ“, - განაცხადა უგრეხელიძემ.

მისი თქმით, გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერება სამართლებრივად აღუსრულებელი გადაწყვეტილებაა. „თუ იარსებებს აქტი იმის თაობაზე, რომ უფლებამოსილება შეუჩერდა, მაშინ უნდა იყოს ისეთი აქტიც, რომელიც მისი გამართლების შემთხვევაში, მას აღუდგენს უფლებამოსილებას. ასეთი აქტიც არ არსებობს“, - განაცხადა უგრეხელიძემ.

როგორც თბილისის ვიცემერმა ნახევრად ხუმრობით აღნიშნა, ის უკვე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსამართლემ ასე დასაჯა პროკურატურა.

კომენტარები