უგულავას საქმე

უგულავა: ხელისუფლების გეგმა ნაციონალური მოძრაობის განადგურებაა

თბილისის მერი გიგი უგულავა, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა, აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ხელსუფლების გეგმის ნაწილია. ამ გეგმის მიზანი კი ნაციონალური მოძრაობის განადგურებაა.

როგორც უგულავამ რუსთავი-2-ს გადაცემა პოსტსკრიპტუმის ეთერში განაცხადა, ამ გეგმის განხორციელება ვანო მერაბიშვილის მთავარი პროკურორთან მიყვანით დაიწყო, რომელსაც ზურაბ ჟვანიას საქმეზე სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.

პარალელურად მოხდა მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის კობა ხარშილაძის დაკავება გამწვანების საქმეზე, რომელიც, უგულავს თქმით, სამართალდამცველებს აპრილის შემდეგ არ გახსენებიათ. პრემიერმინისტრს კი, ქალაქის მერის თქმით „ენამ წინ გაუსწრო" და განაცხადა, რომ ეს ადამიანი სულ სხვა რამისთვის იყო დაკავებული, რადგან ჟვანიას დაცვის წევრი იყო. „აიღებდნენ მისგან სასურველ ჩვენებას. მერე გამოაცხადებდნენ, რომ გახსნეს საქმე, რომელსაც ერთი წელი ტკეპნიან და ამ ადამიანს არ ასვენებენ საფლავში. ამის მერე წარმოიდგინეთ რამხელა ბომბი აფეთქდებოდა ქვეყანში. პარალელურად, ხდება ჩემი საქმის ფორსირებული ვითომ გამოკვლევა, სინამდვილეში ბრალის წაყენება", - განაცხადა უგულავამ.

შემდეგ, მისი აზრით, შექმნილ ემოციურ ფონზე მოხდებოდა გიგა ბოკერიას ან ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერისთვის ბრალის წაყენება.

„ახალ წლამდე ბრალს წაუყენებდნენ სააკაშვილს, ჩვენ ყველას და პრაქტიკულად მოხდებოდა მთლიანად პოლიტიკურ ველის მოცარიელება და ნაციონალური მოძრაობის განადგურება", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი აზით, ამ გეგმის განხორციელებას ხელსუფლებამ ახალ წლამდე გეგმავდა, რადგან ამ პერიოდში უცხო ქვეყნების ელჩები შვებულებაში არიან და საერთაშორისო ყურადღებაც მოდუნებული იქნებოდა.

კომენტარები