უგულავას საქმე

ადვოკატი: უგულავასთვის პატიმრობის მოთხოვნა უსაფუძვლოა

გიგი უგულავას Facebook-ის გვერდი

გიგი უგულავას ადვოკატი პროკურატურის მიერ თბილისის მერისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის მოთხოვნას უსაფუძვლოდ და ყოველგვარ მოტივაციას მოკლებულად მიჩნევს.
გიორგი გელხაურის განცხადებთ, სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე უგულავას აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლომ თებერვალში იმსჯელა და აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდებია.

„მას შემდეგ ბატონ გიგის კანონდარღვევა არ ჩაუდენია, არ დაურღვევია ვალდებულებები, რომლებიც ბრალდებულს ეკისრება, აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სასამართლო ბრალდების უსაფუძვლო შუამდგომლობას არ გაიზიარებს და დატოვებს მას აღმკვეთი ღონისძიების გარეშე", - განაცხადა ადვოკატმა.

თბილისის მერის გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებას თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს 18 საათზე განიხილავს. პროკურატურამ სასამართლოს დღეს შუამდგომლობით მიმართა და ბრალდებულ გიორგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

უწყების განცხადებით, თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

გიორგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით, - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

კომენტარები