კომუნიკაციების ეროვნული კომისია

მობილური კომპანიების ურთიერთჩართვის ტარიფები მცირდება

www.digitaltrends.com

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილურ კომპანიებს - მაგთიკომს, ჯეოსელს და ბილაინს - ურთიერთჩართვის ახალი ზედა ზღვრული ტარიფი დაუდგინა. 

კომისიის გადაწყვეტილებით, 2014 წლის 1 მარტიდან, მაგთისა და ჯეოსელის ტარიფები ერთ წუთზე არსებული 8 თეთრის ნაცვლად, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით 6 თეთრი გახდება, ბილაინისთვის კი - 11 თეთრის ნაცვლად, 7 თეთრი. როგორც კომისიაში ამბობენ, სექტემბრამდე ტარიფები კიდევ ერთხელ გადაიხედება და სამივე კომპანიისთვის 5 თეთრი გახდება.

"კომისიის გადაწყვეტილებით, ტარიფი ეტაპობრივად, ორი წლის განმავლობაში ექვს თვეში ერთხელ დაიწევს და საბოლოოდ, 3.5 თეთრის ნიშნულამდე ჩამოვა. კომისიამ ბოლო ათი წლის განმავლობაში მასშტაბური კვლევა-ანალიზის ჩატარების შედეგად არაერთხელ გადახედა მობილური საბითუმო ბაზრის ურთიერთჩართვის ტარიფს და 22.8 თეთრიდან ეტაპობრივად ამცირებს",- აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამივე მობილურ ოპერატორს კომისიის გადაწყვეტილებით, ახალი ურთიერთჩართვის ტარიფის ძალაში შესვლამდე ერთი თვით ადრე, საკუთარ ვებ-გვერდებზე შეცვლილი სატარიფო გეგმების გამოქვეყნებაც დაევალათ. 

კომენტარები