კომუნიკაციების ეროვნული კომისია

მედიაკოალიცია: მთავარი არხის სანქცირების ტენდენცია ცენზურის ნიშნებს ატარებს

კოალიაცია მედია ადვოკატირებისთვის საგანგაშოდ მიიჩნებს კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს მიერ მთავარი არხის 111 903 ლარით დაჯარიმებას და გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ეს ნაბიჯი უაღრესად საშიშია საქართველოში კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გამოხატვის თავისუფლების არსებობისთვის.

"მთავარი არხის სანქცირების ტენდენცია ცენზურის ნიშნებს ატარებს.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წევრი ორგანიზაციები საგანგაშოდ მივიჩნევთ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლის “მთავარი არხის” და მისი წარმომადგენლების მიმართ წარმოებულ საქმეებს. სანქცირების ტენდენცია კი გვაფიქრებინებს, რომ კომუნიკაციების კომისია მაუწყებლის შეჩერებას და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად.

სამწუხაროდ, კომუნიკაციების კომისია აგრძელებს სადავო პრაქტიკას მაუწყებლის შინაარსის რეგულირებასთან დაკავშირებით, როგორც ეს უხამსობის საბაბით მაუწყებელთა სანქცირებისას გამოვლინდა. ამასთან, კომისია ახალი გადაწყვეტილებით ცდილობს სამოქალაქო აქტივისტებს შეუზღუდოს შესაძლებლობა გააკრიტიკონ ხელისუფლება და ჰქონდეთ მმართველი პარტიისაგან განსხვავებული მოსაზრებების მედიის მეშვეობით გავრცელების შანსი", - წერია განცხადებაში.

კოლაციიის განცხადებით, "რამდენიმე საგანგაშო წინაპირობის ფონზე, მიღებული გადაწყვეტილება აღრმავებს ეჭვებს მთავარი არხის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენის მცდელობის შესახებ".

  • "მთავარი არხი 2020 წელს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად სანქცირებადი არხი იყო;
  • 2020 და 2021 წლებში კომუნიკაციების კომისიამ ყველაზე მაღალი სანქცია სწორედ მთავარი არხის მიმართ გამოიყენა;
  • მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ წამოწყებულ სისხლისსამართლის საქმეზე სახალხო დამცველის შეფასებით, ბრალდების შინაარსი სადავოა;
  • მთავარი არხის სარედაქციო პოლიტიკა ასევე ხშირად არის გაკრიტიკებული კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის მედიააკადემიის მიერ;
  • მთავარი არხისმიმართ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აკეთებენ კრიტიკულ და დისკრიმინაციულ განცხადებებს. მათ შორის, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მაუწყებლის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა;
  • 25 ნოემბრის გადაწყვეტილებაში კომუნიკაციების კომისია ეყრდნობა მხოლოდ საკუთარ პრაქტიკას და ინტერპრეტაციას. მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს პირდაპირი აკრძალვა მაუწყებლის მიერ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების თაობაზე;
  • კომუნიკაციების კომისია კიდევ ერთხელ ჩაერია მაუწყებლის შინაარსში. მან პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია ვიდეორგოლები მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტის გამო. კომისიის ეს მიდგომა არღვევს განჭვრეტადობის პრინციპს;
  • კომისიის გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპს. არ არის სათანადოდ დასაბუთებული, თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაში ამგვარი ჩარევა;
  • კრიტიკას იმსახურებს მთავარი არხის მიმართ გამოყენებული მაქსიმალური სანქციის პროპორციულობაც", - წერს კოალიცია.

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის მზად არის, რომ დავის სასამართლოში გაგრძელების ეტაპზე ჩაერთოდ მთავარი არხის უფლებების დაცვის პროცესში.

25 ნოემბერს, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ სირცხვილიას კლიპის ეთერში განთავსების გამო მთავარი არხი 111 903 ლარით დააჯარიმა. მარეგულირებლის განმარტებით, ვიდეო კლიპი პოლიტიკური შინაარსისაა და, შესაბამისად, არასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიას მისი გამოქვეყნების უფლება არ ჰქონდა. 

კლიპში, რომლის გამოც მთავარი არხი დაჯარიმდა, ქართული ოცნების წევრებისა და ლიდერების ფოტოებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სახის გამოსახულება იქმნება. 

მარეგულირებლის მიერ მთავარი არხი ასევე დაჯარიმდა ვიდეოების სერიის ეთერში გაშვების გამოც, სახელწოდებით კლავს.

კომენტარები