გიგი უგულავას საქმე

უგულავა: ადგილობრივ არჩევნებზე თითოეულ გაყალბებულ ხმას გამოვეკიდებით

თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, "მთავრობამ წინასაარჩევნო კამპანია სიბინძურით, პროკურატურით, ბრალდების წაყენებით და დაშინებებით დაიწყო". უგულავას თქმით, სამწუხაროდ, ეს მთავრობა ვერ მოვიდა ჭკუაზე.

"მთავრობა მთავრობაში კი არ მოვიდა, არამედ მარტო პროკურატურაში და ჰგონიათ, რომ ასე მართავენ ქვეყანას. ეს ნამდვილად არ გაგრძელდება ასე, ეს ფუფუნება მათ აღარ ექნებათ და ადგილობრივ არჩევნებზე თითოეულ გაყალბებულ ხმას გამოვეკიდებით. თითოეულ ხმას დავიცავთ. მათ გახსნეს ცეცხლი უზნეოდ, ეს არის გზა, რომელიც მათ აირჩიეს, ეს არ არის ჩემი არჩევანი", - განაცხადა უგულავამ და აღნიშნა, რომ მას არცერთ სასამართლოზე, არცერთ საგამოძიებო ორგანოში სიარული არ გაუჭირდება.

"პირობას გაძლევთ, რომ კამპანიას ჩავატარებთ ამ დამცირებების და შეურაცხყოფების პარალელურად, მაგრამ არცერთ მათგანს არ მივცემ უფლებას, რომ ეს პონი შეასაღონ თბილისს", - თქვა თბილისის მერმა და აღნიშნა, რომ დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერს გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, თბილისის განვითარების ფონდისთვის, დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავება.

საუბარია 48 მლნ ლარის გაფლანგვაზე, რომელიც პროკურატურის განცხადებით, არა თბილისის განვითარებას, არამედ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მოხმარდა.

კომენტარები