ენერგოკრიზისი

ენერგოკრიზისის მიზეზები

მაღალმთიანი აჭარის გარდა უშუქოდ დარჩენილი რეგიონების რიცხვს კახეთიც შეემატა. სოფელ იორმუღანლოში ელექტროგადამცემი ხაზები ქარმა დააზიანა. სოფელს ელექტროენერგიასთან ერთად გაზიც აღარ მიეწოდება.უკვე ერთი კვირაა უშუქობა გრძელდება მაღალმთიან აჭარაშიც. ამ დრომდე ელექტროენერგია 22 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება. მთავრობა ხელს ენერკომპანია ენერგო პრო ჯორჯიასკენ იშვერს, თვითონ კომპანია კი კრიზისის მთავარ მიზეზად უამინდობას ასახელებს.

ოპოზიციის თქმით, ხანგრძლივი უშუქობის მიზეზი მთავრობის არასწორი ენერგეტიკული პოლიტიკაა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტარიფები უმნიშვნელოდ სწორედ ელექტროგადამცემი ხაზების შესანახად გამოყოფილი თანხების ხარჯზე შემცირდა.

ელექტროენერგიაზე ტარიფების დაწევა ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ცენტრალური დაპირება იყო. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ დაპირების განხორციელებაში ეჭვი თავად მთავრობამ შეიტანა.ელექტროენერგიის ტარიფი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ესენია: გენერაცია, გადაცემა და განაწილება. იმისთვის, რომ ტარიფი შემცირდეს, რომელიღაც ამ კომპონენტს უნდა მოაკლდეს დაფინანსება.ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მომხმარებელთა ნაწილს ელექტროენერგია ნახევარი თეთრით გაუიაფა. გაზეთ კომერსანტის ინფორმაციით, თელასის შემთხვევაში, ტარიფის გაიაფება 80.5 მილიონიანი ინვესტიციის სანაცვლოდ მოხდა. ენერგო პროსთან დადებული ხელშეკრულების დეტალები საჯარო არ არის.

 

კომენტარები