ენერგოკრიზისი

თოვლმა აჭარის მაღალმთიანეთში მაღალი ძაბვის გადამცემი 14 ანძა დააზიანა

აჭარის მაღალმთიანეთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მსგავსი უხვი ნალექი 1985 წლის შემდეგ არ მოსულა. წელს თოვლის საფარმა ქედასა და შუახევში 1, ხულოში კი 3 მეტრს მიაღწია. სოფლების უმეტესი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, რამაც მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.

თოვლმა აჭარის მაღალმთიანეთში მაღალი ძაბვის გადამცემი 14 ანძა დააზიანა. ენერგო-პრო ჯორჯიამ მათი შეკეთება დაიწყო, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ამინდზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოხდება ელექტროენერგიის გადამცემი დაზიანებული ხაზების აღდგენა.

ელექტროენერგიის გათიშვის გამო აჭარის ცენტრალური რაიონების სკოლებში სწავლაც შეწყვეტილია, თუმცა უშუქობა აჭარის მაღალმთიანეთში დიდთოვლობით გამოწვეული ერთადერთი პრობლემა არ არის - მუნიციპალური ცენტრებიდან სოფლებთან დამაკავშრებელი გზები ჯერაც არ გაუწმენდიათ. ამის გამო ხულოსა და შუახევის რამდენიმე სოფელი ცენტრს მოწყდა.

აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელიც სწორედ სოფლებამდე მისასვლელი გზების გაწმედნის სამუშაოებს ასრულებს.

სინოპტიკოსები აჭარის მაღალმთიანეთში ნალექს აღარ პროგნოზირებენ, თუმცა უახლოეს ხანში პრობლემების მოგვარება სირთულიდან გამომდინარე, მოსალოდნელი არ არის.

კომენტარები