ფარული მოსმენები

TI-ს იურისტი: ფარული მიყურადების დაწყება მხოლოდ შსს-ს შეუძლია

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, შსს მობილური ოპერატორებისთვის ფარული მიყურადების მართვის პულტის გადაცემას ეწინააღმდეგება. როგორც იურისტმა ეკა ბოკუჩავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, მართვის პულტი, რომლითაც შესაძლებელია ფარული მოსმენის დაწყება, შსს-ს აქვს. მიყურადების დაწყებაც მხოლოდ სამინისტროს შეუძლია. შესაბამისად, მისი განმარტებით, მობილური ოპერატორები ვერ აკონტროლებენ - როდის ისმინება ტელეფონი. ეკა ბოკუჩავას განცხადებით, შს სამინისტროს აქვს პირდაპირი წვდომა მოქალაქეების მონაცემებთან და შესაძლებელია, უწყებამ ნებისმიერ დროს დაიწყოს მოქალაქეების მოსმენა. იურისტის მტკიცებით, შსს-ს მთავარი წუხილია, რომ მართვის პულტი არ გადავიდეს მობილური ოპერატორის ხელში. საერთაშორისო გამჭვირვალობა მიიჩნევს, რომ ფარული მიყურადების მართვის პულტი უნდა იყოს მობილური ოპერატორების ხელში და მიყურადება უნდა დაიწყოს მობილურმა ოპერატორებმა და არა შს სამინისტრომ.

"გამოძიების 90% ფარული მიყურადებიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღების საფუძველზე არის განხორციელებული. რა თქმა უნდა, გამოძიებისთვის რთული იქნება, რომ გადაეჩვიოს მანკიერ პრაქტიკას და მოუწევს სწავლა, როგორ უნდა აწარმოოს გამოძიება. ფარული მიყურადება უნდა იყოს უკანასკნელი საშუალება", - განაცხადა ეკა ბოკუჩავამ.

როგორც იურისტი აღნიშნავს, ჯეოსელის აღმასრულებელმა დირექტორმა დაადასტურა, რომ არსებული ტექნიკური აღჭურვილობით შსს-ს შეუძლია 21 000 აბონენტს მოუსმინოს. მისივე თქმით, ე.წ. შავი ყუთის არსებობის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა კომპანია მაგთიმაც.

ამასთან, ეკა ბოკუჩავას ინფორმაციით, პარლამენტში ინიცირებულია რამდენიმე კანონპროექტი, სადაც დაკონკრეტდება - რა წესით შეიძლება დაიწყოს ფარული საგამოძიებო მოქმედება. მისივე თქმით, საერთაშორისო გამჭვირვალობა მუშაობს პარლამენტთან და კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციებსა და შენიშვნებს წარადგენს. როგორც ბოკუჩავა აცხადებს, ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ დღევანდელი კანონმდებლობით ფარული მიყურადება შესაძლებელია დაიწყოს ნებისმიერი სისხლის სამართლის კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში.

"საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით კი, მიყურადება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუკი არსებობს მძიმე ან განსკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული", - ამბობს იურისტი და აღნიშნავს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტში მოსმენები მომავალი წლიდან დაიწყება.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით კი, შსს საგამოძიებო ოპერატიული მოქმედებებისათვის მოსმენებს მხოლოდ სასამართლოს ნებართვის შემდეგ ახორციელებს.

"უკანონო მოსმენები არ ხორციელდება. ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, როდესაც გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომ უკანონო მოსმენები აღარ მოხდებოდა. მას შემდეგ, არც ერთი მსგავსი ფაქტი არ მომხდარა”, - აცხადებს გიორგობიანი.

ცნობისთვის, 30 ოქტომბერს კომპანია ერიქსონის წამომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობა, შესაძლოა, საკუთარი მოქალაქეების უკანონო მოსმენებისთვის მათ ტექნოლოგიას იყენებდეს. როგორც შვედურ კომპანიაში France Press-ს განუცხადეს, ტექნოლოგია, რომელიც თავდაპირველად კრიმინალების მოსასმენად შეიქმნა, სტანდარტულია და ერიქსონმა ის ქსელურ აღჭურვილობასთან ერთად ქართულ სატელეკომუნიკაციო პროვაიდერ ჯეოსელს 2005 წელს მიჰყიდა.

"ტექნოლოგია კრიმინალთან საბრძოლველადაა განკუთვნილი, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება მას, სავარაუდოდ, სხვა მიზნებისთვის იყენებს", - განაცხადა ერიქსონის წარმომადგენელმა ფრედრიკ ჰალსტანმა. აღნიშნული კომენტარი მან მას შემდეგ გააკეთა, რაც შვედეთის საზოგადოებრივ რადიოში საქართველოს ხელისუფლების მიერ საკუთარი მოსახლეობის ფარული მოსმენებისთვის ერიქსონის ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. რადიოს ცნობით, ხელისუფლებას 21,000 მობილური ტელეფონის მოსმენის ტექნიკური შესაძლებლობა გააჩნია. მათგან მესამედი სწორედ ჯეოსელის ქსელშია ჩართული.

საკონსტიტუციო და სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის საგანგებო მრჩევლის, თომას ჰამარბერგის მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სასამართლოს ნებართვის გარეშე ფარული მიყურადება საქართველოში "სისტემატური პრაქტიკაა".

ჰამარბერგის სიტყვებით, "ადამიანებს შორის ინფორმაციის გაცვლისადმი წვდომის შესაძლებლობას შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ამ შესაძლებლობის არასათანადო გამოყენების რისკის გამო, საჭიროა ყველა მსგავსი აქტივობის სამართლებრივი რეგულირება და დემოკრატიული და სასამართლო კონტროლი".

ჯეოსელის ერთ-ერთი მფლობელის, შვედურ-ფინური სატელეკომუნიკაციო ოპერატორის TeliaSonera-ს წარმომადგენლის, სალომონ ბეკელეს განცხადებით, საქართველოში მოქმედ მობილურ ოპერატორებს მოეთხოვებათ საკუთარ ქსელებში ხელისუფლების წარმომადგენელთა დაშვება.

"ხელისუფლება აწარმოებს ქსელების მონიტორინგს და არც ჩვენ და არც სხვა მობილურმა ოპერატორებმა არ ვიცით, რას უსმენენ და რა ინფორმაციას აგროვებენ ისინი", - თქვა მან.

ჯეოსელის აღმასრულებელი დირექტორის პასი კოისტინენის მიერ შვედეთის რადიოსთვის მიწოდებული ინფორმაციით კი, ფარული მიყურადება საქართველოს კანონმდებლობით დასაშვებია.

“ეს ჩემთვის მიუღებელია და ვისურვებდი, რომ კანონი შეიცვალოს. მაგრამ თუ თვალთვალი კანონის შესაბამისად ხორციელდება, ჩვენ ვალდებული ვართ დავემორჩილოთ ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას".

თუმცა, როგორც ფრანს პრესს Amnesty International Sweden-ის წარმომადგენელმა ელიზაბეთ ლოფგრენმა განუცხადა, მობილურმა ოპერატორებმა არ უნდა დაარღვიონ ადამიანის უფლებები, ეს მათი პასუხისმგებლობაა და ის არგუმენტი, რომ მიყურადება კანონის ფარგლებში ხორციელდება, მათ ქმედებებს არ ამართლებს.

კომენტარები