საპროტესტო აქციები კიევში

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევრომაიდანზე მივიდა

www.dw.de

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე გუშინ კიევში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მან ოპოზიციის ლიდერებისგან უკრაინაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

"ჩვენი გზავნილი მარტივი, მაგრამ ნათელია. ჩვენ მოვედით აქ, როგორც ევროპელები ევროპელებთან. ევროპა უკრაინის ბედთან დაკავშირებით გულგრილი არ არის. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა ევროპასთან ერთად იყოს, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ კულტურულად, ისტორიულად ერთმანეთს ვეკუთვნით და ასევე ჩვენი ღირებულებების გამო. ევროკავშირისა და გერმანიის შეთავაზება ძალაში რჩება", - განაცხადა გიდო ვესტერველემ.

ოპოზიციის ლიდერის არსენი იაცენიუკის თქმით კი, დღეს უკრაინაში ბევრი საგარეო საქმეთა მინისტრია, რაც ადასტურებს იმას, რომ მსოფლიო არა მხოლოდ თვალყურს ადევნებს, არამედ მხარს უჭერს უკრაინელების ბრძოლას მათი უფლებებისათვის.

"ჩვენ მივიღეთ სერიოზული გზავნილი ჩვენი გერმანელი მეგობრებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის კარს ღიას ტოვებს", - ამბობს იაცენიუკი.

ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე ვიტალი კლიჩკოსა და არსენი იაცენიუკთან ერთად, ევრომაიდანზე შეკრებილ მომიტინგეებთან მივიდა.

ოპოზიციის ლიდერებს ასევე შეხვდა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯონ ბერდი. საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში ეუთო-ს მინისტერიალზე დასასწრებად ჩავიდნენ, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. პირველი სხდომა დღეს გაიმართება.

მას შემდეგ, რაც უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარი თქვა, უკრაინაში მასობრივი სპროტესტო აქციები დაიწყო. სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა ხელკეტები. პოლიციის და აქციის მონაწილეების შეტაკებისას, რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა. ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინელები პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. გუშინწინ უკრაინის რადამ განიხილა აზაროვის მთავრობის გადაყენების საკითხი, თუმცა, იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების რაოდენობა არ მოგროვდა.

კომენტარები