თვითმმართველობის რეფორმა

TI: სახელმწიფომ თვითმმართველობის რეფორმის განხორციელება არ უნდა იჩქაროს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, სახელმწიფომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელება არ უნდა იჩქაროს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თითოეული საკითხი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციურ ცვლილებას გამოიწვევს, სახელმწიფომ კარგად უნდა გამოიკვლიოს და შეისწავლოს.

"მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების აუცილებლობა დიდი ხანია დგას ქვეყნის წინაშე. 2006 წელს განხორციელდა თვითმმართველობის სისტემის ძირეული რეფორმა, რომელიც სამწუხაროდ, თვითმმართველობის უფლებების შემცირებითა და სისტემის ცენტრალიზებით გამოირჩა. შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა თვითმმართველი ერთეულების რაოდენობა და შეიზღუდა მათი უფლებები. დღეს მოქმედი სისტემით ადგილობრივ თვითმმართველობებს პრაქტიკულად არ გააჩნიათ მათივე ექსკლუზიური უფლებების განხორციელებისთვის საკმარისი სამართლებრივი ბერკეტები, კომპეტენცია და ფინასური რესურსები. გართულებულია სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი და შედეგად თვითმმართველობები ვერ ახერხებენ მოსახლეობისათვის ადეკვატური მომსახურების გაწევას.
თუმცა, სახელმწიფომ არ უნდა იჩქაროს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელება და თითოეული საკითხი, რომელიც მის ინსტიტუციურ ცვლილებას გამოიწვევს, კარგად უნდა გამოიკვლიოს და შეისწავლოს", - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა და მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის რეფორმის დაწყებამდე რამდენიმე საკითხი უნდა გაანალიზდეს.

"პროექტის ნაწილს არ წარმოადგენს საკადრო პოლიტიკის საკითხებში ქ. თბილისის მერის უფლებამოსილების შეზღუდვის თემა, რომელიც 1 თვის წინ პარლამენტის ცალკეულ დეპუტატთა მიერ იყო ინიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონპროექტი ავტორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს, მისი განხილვა ერთიანი ადგილობრივი თვითმმართველობის ერთიანი რეფორმის ფარგლებში ჯერ არ არის დაგეგმილი. კოდექსის პროექტში ნათლად არ არის წარმოდგენილი თუ როგორ უნდა მოხდეს ახლადწარმოქმნილ მუნიციპალიტეტებს შორის საზღვრების გამიჯვნა ან უკვე არსებულ მუნიციპალიტეტებს შორის ზუსტი საზღვრების დადგენა, რაც დღეის მდგომარეობით დავის საგანს წარმოადგენს. ასევე, არაფერია ნათქვამი საჯარო დაწესებულებების მიმართ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულების დაკისრებაზე, რაც საჯარო უწყების გამჭვირვალობის უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია. შემოთავაზებული პროექტის თანახმად, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის, ანუ მაქსიმუმ 7 თვის ვადაში, უნდა დასრულდეს დაახლოებით 50-მდე ახალი თვითმმართველობების ჩამოყალიბება, მათი ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის მოწყობა და აუცილებელი ტექნიკით აღჭურვა, ასევე ახლადშექმნილი თვითმმართველობის სხვადასხვა ორგანოთა დაკომპლექტება შესაბამისი კადრებით. საეჭვოა, შეძლებს თუ არა ხელისუფლება ასეთ მოკლე ვადებში ამ მოცულობის სამუშაოების განხორციელებას", - აცხადებს ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ გაუგებარია, თუ რატომ მცირდება ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულ პირთა რაოდენობა 2014-2017 წლებში, ან რა განაპირობებს ამ რიცხვის კვლავ გაზრდას 2017 წლის შემდეგ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 2017 წლისათვის თვითმმართველობის რეფორმა სრულად უნდა იყოს დასრულებული.

"კითხვებს აჩენს მოქალაქეობრივ საწყისებზე შექმნილი "საზოგადოებრივი საბჭოს" შექმნის მიზანი და საეჭვოა, შეძლებს თუ არა ის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას. ასევე, გაურკვეველია რა პრინციპით მოხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საინიციატივო ჯგუფის შერჩევა თუ სოფლის მოსახლეობის 10% რამდენიმე საინიციატივო ჯგუფს დაუჭერს მხარს და ხომ არ გახდება ასეთი ვითარება სოფლის მოსახლეობას შორის დაპირისპირების მიზეზი", - ნათქვამია განცხადებაში. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ეთანხმება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების აუცილებლობას და მიესალმება მთავრობის ინიციატივას, რომელიც თვითმმართველობის დეცენტრალიზებისკენ არის მიმართული, თუმცა, ორგანიზაციის აზრით, ცვლილებები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის მოდელის შეცვლასთან, ფინანსური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მინიჭებასთან არის დაკავშირებული, არ შეიძლება დაჩქარებულ ვადებში განხორციელდეს. 

"მიგვაჩნია, რომ საკითხი გაცილებით სიღრმისეულ შესწავლასა და ანალიზს საჭიროებს. დადებითი შედეგის მიღწევისთვის აუცილებელია გაიზარდოს კანონპროექტის განხილვაში დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების ჩართულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონპროექტის დაჩქარებულად მიღებით შესაძლოა გარკვეული რისკები წარმოიშვას, რაც ქვეყნის ინტერესებს მნიშვნელოვნად დააზიანებს", - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო. 

ორგანიზაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში პარლამენტს შენიშვნების და რეკომენდაციების ვრცელ და დეტალურ დოკუმენტს წარუდგენს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში უკვე შესულია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტი, რომლის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა დეცენტრალიზება, უფლებამოსილებებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის გაზრდა და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განსახორციელებლად 2014 წელს გასაწევი სამუშაოსთვის ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარის გამოყოფა გახდება საჭირო, ხოლო 2017 წლამდე თანხა 120-დან 200-მდე მილიონი ლარით გაიზრდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ამოქმედების შემდეგ, გაიზრდება თვითმმართველი ერთეულების რაოდენობა. მერს და გამგებელს მოსახლეობა პირდაპირი წესით, 3 წლის ვადით აირჩევს. აღნიშნული ვადა შეიცვლება 2017 წლიდან და ისინი 4 წლის ვადით იქნებიან არჩეული.
2014 წლიდან 2017 წლამდე შემცირდება ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულთა პირთა რაოდენობა, რადგან თითოეულ მუნიციპალიტეტში, 500 ამომრჩეველზე 1 საშტატო ერთეული იქნება განსაზღვრული. 2017 წლის შემდეგ კი, ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულ პირთა რაოდენობა კვლავ 14 ათასს გაუტოლდება. 
ასევე, იცვლება გუბერნატორის ფუნქციები. 

გარდა ამისა, სოფლებში შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც მოქალაქეობრივ საწყისებზე იმუშავებს და მისი ძირითადი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა აქტიური თანამონაწილეობა იქნება.

სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თვითმმართველის სტატუსის მინიჭება მხოლოდ ქალაქებისთვის, რომელთა მოსახლეობა 15 ათასზე მეტია, არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა დასახლებებს, რომელთა მოსახლეობა ასევე 15 ათასია, თუმცა, ქალაქის სტატუსი არ აქვთ.

არასამთავრობო ორგანიზაციებს თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით არაერთი შენიშვნა აქვთ და იმედოვნებენ, რომ მათ მოსაზრებებს მთავრობა და პარლამენტი გაითვალისწინებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით 9 კითხვით მიმართავს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ დავით ნარმანია ამ კითხვებზე პასუხებს გასცემს, გამოჩნდება, რამდენად აქვს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება, გაატაროს გააზრებული რეფორმა.

კომენტარები