თვითმმართველობის რეფორმა

კობახიძე 7 თვითმმართველი ქალაქის სტატუსზე: დღეს ამაზე ვერანაირი პოზიცია ვერ მექნება

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით დღეს პოზიცია ვერ ექნება, რადგან საჭიროა დეტალური მსჯელობა.

"ამასთან დაკავშირებით არის საჭირო ძალიან დეტალური მსჯელობა. თავის დროზე გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღებოდა ნაჩქარევად. როცა საქმე ეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილი მიდგომა. დეტალურად მსჯელობის საფუძველზე უნდა განისაზღვროს ამა თუ იმ გადაწყვეტილების პლიუსები და მინუსები, მათ შორის ეკონომიკური, სოციალური ეფექტი და ა.შ. და ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. შესაბამისად, დღეს ვერანაირი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ვერ მექნება", - აცხადებს კობახიძე.

საქართველოში მოქმედი 120 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის შეფასებით, 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შესაძლო გაუქმება "ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია" როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის.

ამის შესახებ ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერმინისტრის სახელზე მიმართვა გაავრცელეს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების შესახებ მსჯელობა ტაბულას "ქართულ ოცნებაში" რამდენიმე კვირის წინ დაუდასტურეს. ვიცეპრემიერისა და განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას აზრით, "არ შეიძლება, ერთ პატარა ქალაქში სამი სხვადასხვა შტო წარმოადგენდეს სახელმწიფოს".

ამ დროისთვის უცნობია, აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ მის მიერვე მიღებული მორიგი კანონის შეცვლას. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ საქართველოს კონსტიტუციის 101-ე პრიმა მუხლის მიხედვით, „თვითმმართველი ერთეულის გაუქმებას ან მისი ადმინისტრაციული საზღვრების გადასინჯვას უნდა უსწრებდეს თვითმმართველ ერთეულთან კონსულტაციები“.

ადგილობრივი თვითთმართველობის რეფორმა 2014 წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე განხორციელდა. მაშინ რამდენიმე მუნიციპალიტეტი და ქალაქი გაიმიჯნა და თვითმმართველ 5 ქალაქს (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი) კიდევ 7 დაემატა (თელავი, ახალციხე, ოზურგეთი, გორი, ამბროლაური, მცხეთა, ზუგდიდი). შეიცვალა მერის არჩევის წესიც - 12-ვე ქალაქში მერს პირდაპირი წესით ირჩევენ.

კომენტარები