ბაჩო ახალაიას საქმე

ახალაია: ხელისუფლებამ და მოსამართლემ ქართულ ჯარს ლახვარი ჩასცეს

Georgia's former Interior Minister Bacho Akhalaia speaks to media at the prosecutor's office in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას შეფასებით, ხელისუფლებამ და მოსამართლემ ქართულ ჯარს ლახვარი ჩასცეს. როგორც ახალაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს სააპელაციო სასამართლომ  ზურაბ შამათავასა და ალექსანდრე გორგაძის დაპატიმრებით, საქართველოს ისტორიაში უმძიმესი გადაწყვეტილება გამოიტანა.

"დღეს დაპირებებით მოსულმა ქართული ოცნების ხელისუფლებამ მოსამართლის ხელით განაჩენი გამოუტანა არა კონკრეტულ პიროვნებას, დღეს მათ განაჩენი გამოუტანეს საქართველოს, ქართულ არმიას, ქართველ გმირებს, საქართველოს იდეას, საქართველოს ბრძოლას თავისუფლებისა და ერთიანობისათვის. ამ გაწყვეტილებით ხელისუფლებამ და მოსამართლემ ლახვარი ჩასცა ქართულ ჯარს, დღეს ჯარისკაცებს პირდაპირ განუცხადეს, რომ თუ თქვენ გაბედავთ და ხელს აღმართავთ მტერზე, თუ დაიცავთ საქართველოს მოქალაქეებს, დაისჯებით და პასუხს აგებთ", - აცხადებს ახალაია.

შს ყოფილი მინისტრი ზურაბ შამათავასა და ალექსანდრე გორგაძეს საქართველოს პატრიოტებად ახასიათებს. ახალაიას შეფასებით, ისინი ბავშვობიდან ემსახურებიან სახელმწიფოს და ქართულ შეიარაღებულ ძალებს.

"ადამიანები, რომლებიც საკუთარი მკერდით იცავდნენ საქართველოს რუსეთის აგრესიის დროს; ადამიანები, რომლებმაც მომხდურ მტერს საქართველო არ დაანებეს, დღეს პროკურატურამ და სასამართლომ ციხეში გამოკეტა, საპყრობილეში ჩააგდო. დღეს ამ ხელისუფლებამ, რომელიც გამოირჩევა სახელმწიფოს მტრების, რუსეთის ჯაშუშების შეწყალებით, ლმობიერი დამოკიდებულებით იმ ადამიანების მიმართ, ვისაც საქართველოს დაშლა-დაქუცმაცება სურს, თავისუფლება აღუკვეთა ორ გულანთებულ სამხედროს. ზურაბ შამათავა სასიკვდილოდ იყო დაჭრილი ცხინვალის მისადგომებთან ოკუპანტი სახელმწიფოს არმიასთან ბრძოლის დროს. ალექსანდრე გორგაძემ ურთულესი სამხედრო ოპერაციის განხორციელებისას ტყვედ აიყვანა მტრული სახელმწიფოს ჯარისკაცი. დღეს ზეიმობენ, დღეს ხარობენ, დღეს გამარჯვებას აღნიშავენ, დღეს მისიას შესრულებულად თვლიან იქ - რუსეთის ფედერაციაში. საქართველოს ხელისუფლებამ, მოსამართლემ დღეს მათ საქართველოს ოკუპაციის და ქვეყნის მოშლის "დამსახურება" დაუფასა. ხელისუფლებამ დავალება შეასრულა - მებრძოლი ადამიანები ციხეში ჩასვა, ომი, ეთნიკური წმენდა, ჩვენი მოქალაქეების სისხლი, ტერორისტული აქტები საქართველოს გადააბრალა, რუსეთს ნამუსი მოწმინდა. მაგრამ ერთი ავიწყდებათ, ეს ბიჭები გაუტეხელობის და ბრძოლის სიმბოლოები არიან; ერთი რამ ავიწყდებათ, ამ ბიჭების მთავარი აზრი საქართველოს თავისუფლებაა. მერწმუნეთ, მტრის ტყვიებს გადაფარებული ადამიანები, საპყრობილეს არ შეუშინდებიან და არ შედრკებიან. ცხოვრება გრძელდება, ბრძოლა გრძელდება, დღეს მათი ბძოლა სწორედ პატიმრობაზე გადის და შეუძლებელია მათი პატრიოტული სულისკვეთება ოთხ კედელში გამოიკეტოს. ეს სულისკვეთება გამოხეთქავს და თავის მიზანს მიაღწევს. ჩემთვის პატივია ვიყო თქვენი მეგობარი, ჩემთვის პატივია, მქონოდა შესაძლებლობა თქვენ მხარდამხარ მონაწილეობა მიმეღო ქართული არმიის მშენებლობაში, ჩემთვის საამაყოა, რომ ჩვენ სახელმწიფოს ასეთი სამაგალითო ჯარისკაცები ჰყავს. თქვენ დღეს საქართველოს სიყვარულისთვის აგებთ პასუხს და პირადად მე გაძლევთ პირობას, ეს ბრძოლა და თქვენი უანგარო თავგანწირვა უშედეგოდ არ ჩაივლის!", - ნათქვამია ბაჩო ახალაიას განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გაამართლა ე.წ. ვაშლის თლის ეპიზოდთან, ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცთა წამების ბრალდებებთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის მოთხოვნა და ახალაიასთან ერთად ბრალდებული 7 პირიდან დამნაშავედ მხოლოდ რამდენიმე ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, 2013 წლის 1 აგვისტოს, ყველა პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი ჰქონდა გამოტანილი.

სააპელაციო სასამართლომ ბაჩო ახალაია მისთვის წაყენებულ სამივე ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო: 1. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება (სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი, ე.წ ვაშლის თლის ეპიზოდი), 2. ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა (სსკ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), 3. სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცთა წამება (114-ე პრიმა მუხლი).

სააპელაციო სასამართლომ გენშტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე უდანაშაულოდ ცნო ვაზიანის ეპიზოდთან დაკავშირებით(25. 143-ე მუხლი და 333-ე მუხლი). სასამართლო კალანდაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ სენაკის ეპიზოდთან დაკავშირებით (387-ე მუხლის მე-2 ნაწილი) გამოიტანა და მას სასჯელის სახით სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა 3 თვის ვადით დააკისრა, თუმცა, 2012 წელს გამოცხადებული ამნისტიის საფუძველზე კალანდაძე სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა.

სასამართლომ ასევე უდანაშაულოდ ცნო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი გაგა მკურნალიძე, რომელიც ბრალდებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჯგუფის მიერ).

იმავე ბრალდებაში სააპელაციო სასამართლომ ასევე გაამართლა ყოფილი სამხედროები მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი. გამამართლებელი განაჩენი იქნა გამოტანილი კიდევ ერთი ბრალდებულის, მერაბ კიკაბიძის მიმართ.

4 დეკემბერს გამოცხადებული განაჩენის მიხედვით, კიდევ ერთი ბრალდებული ალექსანდრე გორგაძე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუმცა, სასამართლომ გორგაძე გაამტყუნა 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის. ამნისტიის გათვალისწინებით, მას სასჯელის საბოლოო სახედ 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა განესაზღვრა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ბრალდებული ზურაბ შამათავა. გორგაძის მსგავსად, სასამართლომ სსკ-ის 125-ე მუხლის მიხედვით წაყენებული ბრალდება (ვაზიანის ეპიზოდი) შამათავასაც 333-ე მუხლის მე-3 ნაწილად გადაუკვალიფიცირა და ამნისტიის გათვალისწინებით, 3 წლითა და 9 თვით მიუსაჯა პატიმრობა.

კომენტარები