კორუფციის აღქმის ინდექსი

ხადური კორუფციის აღქმის ინდექსის გაუარესებაზე: ვერ ვიტყვი, რომ რამე გაუარესდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს, 3 დეკემბერს, საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. ამ დოკუმენტის მიხედვით, 2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში (CPI), რომლის საშუალებითაც 177 ქვეყნის საჯარო სექტორში არსებული კორუფციის აღქმის დონე იზომება, საქართველო 55-ე ადგილზეა. 2012 წელს საქართველო 51-ე ადგილზე იყო.

"მე ვერ ვიტყვი, რომ გაუარესდა რამე მდგომარეობა, შესაძლოა, სხვაგან გაუმჯობესდა. სტაბილურია, იგივეა ეს მონაცემი დარჩენილი და ჩვენი ამოცანაა, არ დავშვათ კორუფცია. თქვენ ვერ მეტყვით ვეღარც ელიტარული და ვეღარც არაელიტარული კორუფციის მაგალითებს. ჩვენ ძალიან მკაცრი ვართ საკუთარი თანაგუნდელების მიმართ, იმისათვის, რათა ქვეყანაში არ დავუშვათ კორუფცია და სახელმწიფომ შეასრულოს თავის ფუნქციები", - განცხადა ნოდარ ხადურმა სააგენტო პირველის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, 2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, 0-დან (ყველაზე კორუმპირებული) 100-მდე (ყველაზე ნაკლებ კორუმპირებული) შკალაზე საქართველოს 49 ქულა აქვს. 2012 წელს საქართველოს 52 ქულა ჰქონდა და 176 ქვეყანას შორის 51-ე ადგილს იკავებდა. ხოლო 2011 წელს, საქართველომ 183 ქვეყანას შორის 64-ე ადგილზე იყო და 10 მაქსიმალური ქულიდან 4.1 ქულა ჰქონდა.

კორუფციის აღქმის მაჩვენებელი საქართველოში ამჯერადაც უფრო მაღალია, ვიდრე ბალტიისპირეთის ქვეყნებში (ესტონეთი 28-ე ადგილზეა, ლიტვა 43-ეზე, ხოლო ლატვია 49-ეზე), თუმცა, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანას - ხორვატიას და ჩეხეთის რესპუბლიკას (რომლებიც 57-ე ადგილს იყოფენ), სლოვაკეთს (61-ე ადგილი), იტალიასა და რუმინეთს (რომლებიც 69-ე ადგილს იყოფენ), ბულგარეთს (77-ე ადგილი) და საბერძნეთს (მე-80 ადგილი). თურქეთი საქართველოს ერთი ქულით უსწრებს და 53-ე ადგილზეა. სომხეთი 94-ე ადგილზეა, ხოლო რუსეთი და აზერბაიჯანი 127-ე ადგილს იყოფენ.

2013 წლის შედეგებით, კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დანიაში, ახალ ზელანდიაში, ფინეთში, შვედეთში, ნორვეგიასა და სინგაპურშია. ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებად ერაყი, ლიბია, სამხრეთ სუდანი, სუდანი, ავღანეთი, ჩრდილოეთ კორეა და სომალი აღიქმებიან.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, ქართული ოცნების მთავრობამ აქტიურად დაიწყო ანტიკორუფციული რეფორმების გატარება ზოგიერთ სფეროში, რაც გამოიხატებოდა, ერთი მხრივ, იმ საჯარო მოხელეთა სპექტრის გაფართოებაში, რომლებსაც ქონებრივი დეკლარაციების წარდგენა მოეთხოვებათ, ხოლო, მეორე მხრივ, პირდაპირი წესით (ტენდერის გარეშე) დადებული სახელმწიფო კონტრაქტების (მათ შორის, ყველა მცირე შესყიდვის) განთავსებაში სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის ვებგვერდზე.

კომენტარები