კორუფციის აღქმის ინდექსი

TI: კორუფციის აღქმის დონე ბოლო ოთხი წლის მანძილზე საქართველოში სტაბილურია

კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველოში 2015 წელს 2014 წელთან შედარებით ვითარება არ შეცვლილა. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია. საქართველო 100 შესაძლებელი ქულიდან 52 ქულით 48-ე ადგილზეა 168 ქვეყანას შორის.

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ 2012 წელს 52 ქულა მიიღო (51-ე ადგილი), 2013 წელს 49 ქულა (55-ე ადგილი), ხოლო 2014 წელს - ისევ 52 ქულა (50-ე ადგილი).

"ვინაიდან, კორუფციის აღქმის ინდექსის მეთოდოლოგიის თანახმად, ქვეყანაში კორუფციის აღქმის დონის მნიშვნელოვან ცვლილებაზე საუბარი მხოლოდ მისი მაჩვენებლის 4 ან მეტი ქულით მატების ან კლების შემთხვევაში შეიძლება, ეს შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში კორუფციის აღქმის დონე ბოლო ოთხი წლის მანძილზე სტაბილურია და ამ პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი ან უკუსვლა არ მომხდარა", - წერს TI და აღნიშნავს, რომ გასული წლის მსგავსად, საქართველოს მაჩვენებელი (52 ქულა) საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 19 ქვეყანას შორის. 

"ამავე დროს, საქართველოს უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ევროკავშირის წევრ ზოგიერთ სახელმწიფოს: უნგრეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, იტალიას და რუმინეთს", - ნათქვამია ანგარიშში.

2015 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დაბალია დანიაში (91 ქულა), ფინეთში (90 ქულა) და შვედეთში (89), ყველაზე მაღალი კი - ჩრდილოეთ კორეასა და სომალიში (8 ქულა).

კორუფციის აღქმის ინდექსის ლიდერ ქვეყნებს ახასიათებთ მედიის თავისუფლების მაღალი მაჩვენებელი, ბიუჯეტის ხარჯების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის, კეთილსინდისიერების მაღალი დონე თანამდებობის პირთა შორის, და ხელისუფლების სხვა შტოებისგან სრულიად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ამავე დროს, რეიტინგის ბოლოში მყოფი ქვეყნებისთვის დამახასიათებელია სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე და დამოუკიდებლობის ნაკლებობა მედიასა და სასამართლოში.

კომენტარები