ლარის კურსის ვარდნა

ხადური: ლარის კურსის ვარდნა საგანგაშო არ არის

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ლარის კურსის ვარდნა საგანგაშო არ არის და "ამგვარი მარტივი რყევები" ჩვეულებრივი მოვლენაა. ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყების წინ უთხრა.

"ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი რეზერვები იმისთვის, რომ არ დაუშვას მნიშვნელოვანი გაუფასურება. მარტივი რყევები, ეს ბუნებრივი პროცესია - კურსი ხან ზემოთ იწევს, ხან პირიქით, ეცემა", - თქვა ფინანსთა მინისტრმა.

ბოლო პერიოდში, ეროვნული ვალუტა ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით უფასურდება. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 23 ნოემბერს 1.6821 ლარი ღირდა, 28 ნოემბერს კი, 1 აშშ დოლარი 1.6878 ლარი ღირს.

1 ევროს ღირებულება 22 ნოემბერს 2.2519 ლარი იყო, 28 ნოემბერს კი, 1 ევროს ღირებულებამ 2.2944 ლარს მიაღწია.

კომენტარები