ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება

ბოკერია: რუსეთს ზეწოლის იმაზე ნაკლები ინსტრუმენტი გააჩნია, ვიდრე 10 წლის წინ

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას უწოდებს მნიშვნელოვან ისტორიულ ნაბიჯს, რომელსაც წინ უძღოდა ძალიან დიდი პოლიტიკური, დიპლომატიური და ტექნიკური შრომა.

“კარგია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა და შემდეგი უახლოესი ამოცანა არის, ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში დასრულდეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ხოლო შემდეგ გაგრძელდეს ის გეზი, რასაც შეეწირა მრავალი თაობის ბრძოლა. ეს არის გეზი ევროკავშირის, NATO-ს წევრობისკენ, სვლა თავისუფალი ერების ოჯახში დაბრუნებისკენ, სადაც არის ჩვენი ადგილი. ამისთვის საჭიროა, არ მოვხვდეთ იმ მახეში, რაც არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ ყველა მეთოდის გამოყენება და ჩვენი შიდა დემოკრატიული პრობლემები. ორივე მაგალითი ნათელია და იმედი მაქვს, ახალი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის ცუდი გამოცდილების მიუხედავად, მომავალ წელს ეს კურსი შეიცვლება და შეცდომები გამეორებული არ იქნება”, - აღნიშნა ბოკერიამ.

ბოკერია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინას ევროპული გზიდან ვერავინ გადაახვევინებს.

“ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის გეოპოლიტიკურად, რადგან მთელი სივრცე უნდა წავიდეს თავისუფალი სამყაროსკენ და უკრაინის გამოთიშვა ამ პროცესიდან, რა თქმა უნდა, აზარალებს ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებს. ჩვენი ახალი პრემიერმინისტრი ცდება, როდესაც ამბობს, რომ ეს შეიძლება ჩვენთვის კარგიც იყოს. ამავე დროს, ბატონი ღარიბაშვილი მართალია, როდესაც ამბობს, რომ საქართველო უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული პოლიტიკურად და ეკონომიკურად რუსეთზე, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. ეს არის ის მემკვიდრეობა, რასაც ხშირად აკრიტიკებენ მისი გუნდის წევრები. საქართველომ ეს ბრძოლები გადაიტანა. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ დავუშვათ იმ შეცდომების გამეორება, რაც ხელახლა დამოკიდებულს გაგვდის ეკონომიკურად ან პოლიტიკურად რუსეთზე”, - თქვა ბოკერიამ.

ბოკერიას შეფასებით, რუსეთს დღეს ზეწოლის გაცილებით ნაკლები ინსტრუმენტი გააჩნია, ვიდრე 10 წლის წინ. საქართველომ კი ეს მდგომარეობა უნდა შეინარჩუნოს და გააგრძელოს სწრაფვა სივრცისკენ, სადაც მისი მომავალი უფრო დაცული იქნება.

კომენტარები