ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება

ზალკალიანი: ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა 2014 წლის შემოდგომამდე მოხდება

mfa.gov.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას ხელს 2014 წლის შემოდგომამდე მოაწერენ. 
როგორც ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ბალტიისპირეთის ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ის ინფორმაციაა, რომელიც პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის შემდეგ გაჟღერდა.

"პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გვამცნო. რამდენიმე დღის წინ ვილნიუსში ევროკავშირის შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ მას შემდეგ, რაც მოხდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით ხელშეკრულების პარაფირება, მოხდება მისი ხელმოწერაც. ხელმოწერა მოხდება 2014 წლის შემოდგომამდე, ანუ ევროკავშირის ამჟამინდელი კომისიის ვადის ამოწურვამდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზალკალიანმა და მაგალითად უკრაინა მოიყვანა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ, მის ხელმოწერას ორ წელიწადზე მეტს ელოდა.

"ეს ფაქტი, რომ პარაფირებიდან სულ რამდენიმე თვეში მოხდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, მიგვითითებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფი ინტეგრაცია", - დასძინა ზალკალიანმა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, რადოსლავ სიკორსკიმ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით) არა მხოლოდ პარაფირებაზე, არამედ ხელმოწერის დაჩქარებაზე გადაწყვეტილება უკვე არსებობს.

"მე მოხარული ვარ მოგახსენოთ, რომ ვილნიუსში ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ თუ პირობები შესრულდება და საქართველო მოახდენს ასოცირების შეთანხმების პარაფირებას, კომისია მოამზადებს დოკუმენტებს ხელმოსაწერად, კომისიის მანდატის ამოწურვამდე", - განაცხადა სიკორსკიმ.

კომენტარები