ვილნიუსის სამიტი

ფანჯიკიძე: პრეზიდენტი ხვალ ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, საქართველოსთვის ისტორიული დღეებია. როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ვილნიუსში განუცხადა, ხვალ მოხდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ოფიციალური პარაფირება, რაც საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში შეუქცევადს გახდის. 

"ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო იქამდე მოხდება ხელშეკრულების პარაფირება. ამ ხელშეკრულების გარდა, ხელს მოვაწერთ კრიზისების მართვის პროცესში საქართველოს ჩართვის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. ამ შეთანხმებით საქართველო ხდება ევროკავშირთან ერთად გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი", - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დაახლოებით სამწუთიანი გამოსვლა ექნება. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი ყურადღებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სურვილსა და მნიშვნელობაზე გაამახვილებს.

"პრეზიდენტი ხაზს გაუსვამს, რომ ამ სურვილს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომ ჩვენ ველით გარკვეულ წინააღმდეგობებს ხელშეკრულების პარაფირებიდან ხელმოწერამდე, რომ გვაქვს ევროკავშირის გვერდით დგომის იმედი, რათა ხელმოწერამდე მივიდეთ მშვიდობიანად. გარდა ამისა, პრეზიდენტი ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, მიღწევებზე, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე და იმ თემებზე, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. რასაკვირველია, ნახსენები იქნება ოკუპაცია და ის სიტუაცია, რომელიც ახლა არის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტი დაიწყო. ქართულმა მხარემ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება უკვე მოახდინა. ასევე, ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო და ბიზნეს ფორუმებში. 

კომენტარები