ვილნიუსის სამიტი

ღარიბაშვილი: ეს ისტორიული სამიტია საქართველოსთვის

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვილნიუსის სამიტი საქართველოსთვის ისტორიულია. როგორც ღარიბაშვილი სპეციალურ მიმართვაში ამბობს, ვილნიუსში ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებით საქართველო იწყებს ევროკავშირში რეალური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს. პრემიერს სჯერა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, რადგან მისი თქმით, ეს არის ქართველი ხალხის მტკიცე ნება და ისტორიული არჩევანი.

"საქართველოს სწრაფვას ევროპული ოჯახისკენ, ევროპული ცივილიზაციისკენ მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. როდესაც ჩვენი დიდი წინაპრები ევროპასთან კავშირების გაბმასა და დაახლოებაზე ზრუნავდნენ, ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. საქართველო ევროპული ქვეყანაა თავისი კულტურით, ისტორიითა და, რაც მთავარია, ღირებულებებით. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში ინტეგრაცია არის ერთადერთი გზა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ევროპულ ქვეყნად. ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებები სამი წელი გრძელდებოდა. წელს ივლისში ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და შეთანხმება პარაფირებისთვის მომზადდა. მომავალ წელს კი, აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოეწერება. ეს არის ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და რეალური მექანიზმი, რომელიც თვისებრივად ახალ დონეზე აიყვანს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას ყველა მიმართულებით", - აცხადებს ღარიბაშვილი და აღნიშნავს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირში გაწევრიანებას არ გულისხმობს.

"მაგრამ ეს ევროკავშირთან დაახლოების იმდენად მაღალ დონეს ითვალისწინებს, რომ ფაქტობრივად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეუქცევადი გახდება. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განუყოფელი ნაწილია ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფორმირება ეტაპობრივად გაუხსნის გზას ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის შიდა ბაზარზე. შორს არ არის ის დრო, როდესაც ქართული პროდუქცია თავისუფლად შევა ევროპის ბაზარზე და წარწერას - დამზადებულია საქართველოში - სულ სხვა დატვირთვა ექნება. საქართველოში ნაწარმოები საქონლის დიდი ნაწილი ევროკავშირში შევა ტარიფებისა და კვოტების გარეშე. ამავე დროს, ეს იქნება მნიშვნელოვანი წინაპირობა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისათვის. ჩვენ ვმუშაობთ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით და, როდესაც ევროკავშირი შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, შესაძლებელი გახდება საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია მისცემს ჩვენს ქვეყანას გაცილებით დიდ შესაძლებლობებს ააშენოს დემოკრატიული ინსტიტუტები, უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების თავისუფლება და უსაფრთხოება. ეს სასარგებლო იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისათვის. მინდა ხაზგასმით და მადლიერებით აღვნიშნო, რომ ევროპა მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, აგრეთვე განუხრელად განაგრძობს ჩვენს თანადგომას დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით", - აცხადებს პრემიერი სპეციალურ მიმართვაში და აღნიშნავს, რომ "ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას ევროპისკენ, ჩვენი წინაპრების ოცნების ასრულებისკენ".

ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის მესამე სამიტი ხვალ მასშტაბური მიღებით გაიხსნება. ლიტვის პრეზიდენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებს უმასპინძლებს. სამიტზე მიწვეულები არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ის ქვეყნები, რომლებისთვისაც ეს პროგრამა შეიქმნა. დაგეგმილია საქართველოსა და მოლდოვის მიერ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. რაც შეეხება უკრაინას, მან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი თქვა და ჯერჯერობით, უცნობია, შეცვლის თუ არა პოზიციას.

ვილნიუსის სამიტს საქართველოს პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად დაესწრებიან.

კომენტარები