აღმოსავლეთ პარტნიორობა

ლიტვის პრეზიდენტი საქართველოს პროგრესს დადებითად აფასებს

www.15min.lt

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ საუბრისას, საქართველოს მიერ 4 წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს დადებითად აფასებს. ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი მზადაა, საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოახდინოს, აზერბაიჯანთან კი, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღწევას ელოდება.

 ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ 4 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრმა ქვეყნებმა პროგრესი განიცადეს. ჩვენ უკვე მზად ვართ, რომ ხელი მოვაწეროთ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებისა და ასოცირების ხელშეკრულების ინიცირებას მოლდოვასა და საქართველოსთან", - თქვა ლიტვის პრეზიდენტმა.

გრიბაუსკაიტე უკრაინის მოვლენებსაც შეეხო და განაცხადა, რომ კიევმა 4 წლის განმავლობაში ბევრი რეფორმა გაატარა და ახლა უკრაინის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მიიყვანს თუ არა უკრაინელი ხალხის მიერ გაწეულ სამუშაოს ბოლომდე. დალია გრიბაუსკაიტემ უკრაინის მთავრობას რჩევაც მისცა.

"ჩვენთან სხვადასხვა სიგნალი მოდის უკრაინის მთავრობისგან. ძირითადად, ისინი ამბობენ, რომ არის ეკონომიკური ზეწოლა. ეს არ არის ადვილი დასაჯერებელი, რადგან მსგავსი ზეწოლის ლიტვური გამოცდილება არის ის, რომ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად აძლევ საკუთარ თავს უფლებას -  იყო ზეწოლის ქვეშ. ჩვენი გამოცდილება ამბობს - არასოდეს დანებდე, არასოდეს დანებდე ზეწოლას, როგორიც არ უნდა იყოს ის", - განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.

ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა მოლდოვაზე საუბრისაც ისიც აღნიშნა, რომ ვილნიუსის შემდეგ, შესაძლოა, კიშინიოვთან სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტები გაფორმდეს. გრიბაუსკაიტეს თქმით, რაც უფრო დემოკრატიული და განვითარებულია ევროპის სამეზობლო, მით უფრო დაცულია თავად ევროპა.

კომენტარები