საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ახალი საქალაქო ავტობუსები თბილისში, შესაძლოა, ჩინურმა კომპანიამ შემოიყვანოს

თბილისში შემოსაყვანი ავტობუსის მოდელი

თბილისის მერიის სატენდერო კომისიაში ამ დროისათვის იმ ჩინური კომპანიის დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს, რომელმაც 100 ახალი ავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში მერიას ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა.

100 ახალი, კომფორტული, ევროკავშირის სტანდარტების, ეკოლოგიურად სუფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული ავტობუსის შესაძენად, დედაქალაქის მერიამ ტენდერი 4 ნოემბერს გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 20 ნოემბერს დაიწყო, რომლის მონაწილეებს მერიისთვის 100 ავტობუსის შესაძენად 55 000 000 ლარზე ნაკლები თანხა უნდა შეეთავაზებინათ. ონლაინვაჭრობაში მონაწილეობა 5-მა კომპანიამ მიიღო, რომლებმაც შემდეგი ფასი წარმოადგინეს: KAREX (IVECO) – 53 328 000 ლარი, თეგეტა თრაქ ენდ ბას (MAN) – 48 807 236 ლარი, Solaris Bus & Coach S.A – 48 656 719.00 ლარი, Zhengzhou Yutong Bus Co..LTD – 31 660 626 ლარი და XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO – 31 660 601 ლარი.

ტენდერში ვაჭრობის დასრულების შემდეგ, ყველაზე დაბალი ფასი, 31 660 601 ლარი, ჩინურმა კომპანია XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO-მ დააფიქსირა.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, წინადადების მიღების დასრულების შემდეგ, სატენდერო კომისია განიხილავს ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის (XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO) სატენდერო წინადადებას, რათა დადგინდეს მისი სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობა. შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში, სატენდერო კომისია განუსაზღვრავს პრეტენდენტს არაუმეტეს 3 სამუშაო დღეს, რათა დაზუსტდეს მოთხოვნები. 3 სამუშაო დღეში სატენდერო წინადადების დაუზუსტებლობის ან დაზუსტების შემდეგ, შეუსაბამობების კვლავ აღმოჩენის შემთხვევაში მოხდება პრედენტენტის დისკვალიფიკაცია და სატენდერო კომისია განიხილავს მომდევნო ყველაზე დაბალი სატენდერო წინადადების ფასის მქონე პრედენდენტის შემოთავაზებას. ამ დროისათვის ტენდერში მეორე ნაკლები ფასის შემთავაზებელი ასევე ჩინური კომპანიაა.

XIAMEN GOLDEN DRAGON BUS 1992 წელს დაფუძნებული მსხვილი ჩინური კომპანიაა, რომელიც ავტობუსებს აზიის, აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის 80-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონს აწვდის. კომპანია წელიწადში 40 000 ავტობუსს აწარმოებს.

XIAMEN GOLDEN DRAGON BUS-ის ვებგვერდის ინფორმაციით, კომპანია ტრადიციული, ბენზინისა და დიზელის ძრავების გარდა, ასევე ამზადებს ელექტრო, ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტობუსებს.

მერიის მოთხოვნების მიხედვით, შესასყიდი ავტობუსი უნდა აკმაყოფილებდეს ევროპულ სტანდარტებს, კერძოდ, უნდა იყოს პირველი კლასის (ევროპის პარლამენტის 2001/85/EC დირექტივის მიხედვით) და М3 კატეგორიის (ევროპის პარლამენტის 2007/46/EC დირექტივის მიხედვით).

ავტობუსში უნდა ეტეოდეს 85 ადამიანამდე, მათგან დასაჯდომი ადგილი უნდა იყოს 30-მდე. სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატურ გადაცემათა 6-სიჩქარიანი კოლოფითა და სამთო მუხრუჭით.

ახალი ავტობუსები იქნება მწვანე ფერის, ასასვლელში არ უნდა იყოს საფეხურები და მას ექნება სამი განიერი კარი.

მერიის მოთხოვნების შესაბამისად, ავტობუსში უნდა იყოს სივრცე მინიმუმ ერთი ეტლისთვის, შუა კარები აღჭურვილი უნდა იყოს მექანიკურად გადმოსაშლელი დაფით, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად.

ახალ ავტობუსებს უნდა ჰქონდეს თბოიზოლირებული, 40-70%-ით დაბურული გვერდითა ფანჯრები. ავტობუსში ასევე უნდა იყოს გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა. კონდიცირება მორგებული უნდა იყოს თბილისის კლიმატურ პირობებზე და ავტობუსის შიდა სივრცეს უნდა აგრილებდეს მაშინაც კი, თუ გარეთ სითბო 45 გრადუს ცელსიუსს აღწევს.

ავტობუსს უნდა გააჩნდეს ხმის გამაძლიერებლები მგზავრთა განყოფილებაში ხმის თანაბრად გავრცელებისათვის და მიკროფონი მძღოლის კაბინაში, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა. ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით. ახალი ავტობუსები გაზზე იმუშავებენ.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას ახალი ავტობუსები 2014 წლის 30 აგვისტომდე ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს.

კომენტარები