ვილნიუსის სამიტი

ევროკავშირი უკრაინას დახმარებას ჰპირდება, რუსეთს აკრიტიკებს

Toshifumi Kitamura / AP Photo

მიუხედავად იმ ზეწოლისა, რომელსაც უკრაინა გარედან განიცდის, მოკლევადიანმა გათვლებმა არ უნდა გადაწონოს ის გრძელვადიანი სარგებელი, რასაც უკრაინა ევროკავშირთან პარტნიორობით მიიღებს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

მათი თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთავაზება უკრაინისთვის ჯერ კიდევ ძალაშია, ოღონდ ამისთვის უკრაინამ უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც 2012 წლის დეკემბერში აიღო. მათივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც ყველაზე ამბიციური ხელშეკრულებაა, რაც კი ევროკავშირს უკრაინისთვის შეუთავაზებია, უკრაინის ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ხელს შეუწყობს რეფორმების განხორციელებას და მოდერნიზაციის პროცესს და ყველა უკრაინელისთვის თანამედროვე, სტაბილური მომავლის გარანტი გახდება. "თუმცა ევროკავშირი არც უკრაინას და არც რომელიმე სხვა პარტნიორს აიძულებს, არჩევანი გააკეთოს ევროკავშირის თუ სხვა რომელიმე რეგიონული გაერთიანების სასარგებლოდ. უკრაინის გადასაწყვეტია თუ რა ტიპის ურთიერთობა სურს ევროკავშირთან. უკრაინის მოქალაქეებმა ამ ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, თუ სად ხედავენ ისინი საკუთარ მომავალს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპული საბჭოს თავმჯდომარის და ევროკომისიის თავმჯდომარის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია: "ჩვენ უაღრესად არ ვიწონებთ რუსეთის პოზიციას ამ საკითხთან მიმართებაში. ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება არ ხდება ჩვენს აღმოსავლელ პარტნიორებსა და მათ სხვა მეზობლებთან, მაგალითად, რუსეთთან ურთიერთობის ხარჯზე. აღმოსავლეთ პარტნიორობა ისეთი გარიგებაა, სადაც დამარცხებული არ არსებობს. ევროკავშირი მზად არის კიდევ ერთხელ განუმარტოს რუსეთის ფედერაციას, რომ ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები მომგებიანია როგორც ევროკავშირის, ისე მისი მეზობლებისთვის. ამასთან, ამ პროცესში ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორების სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას სრულად სცემს პატივს".

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს ვილნიუსში, რომელიც ამ კვირაში უნდა გაიმართოს. "მნიშვნელოვანი მომენტია სიტუაციის შესაფასებლად და აღმოსავლეთ პარტნიორებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები