საქართველოს პრეზიდენტი

მარგველაშვილი ლატვიის პრეზიდენტს რიგაში მომხდარი ტრაგედიის გამო უსამძიმრებს

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ანდრის ბერზინშს, ლატვიის პრეზიდენტს, რიგაში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილს უგზავნის.

"მის აღმატებულება ლატვიის პრეზიდენტს, ბატონ ანდრის ბერზინშს, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, შეძრწუნებული ვარ ქ. რიგაში მომხდარი უბედური შემთხვევით, რომელსაც მრავალი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. ამ ტრაგედიამ შეძრა ქართველი ხალხი. ჩვენ თანამონაწილენი ვართ თქვენი ღრმა მწუხარების და პირად ტრაგედიად აღვიქვამთ მომხდარს.

მინდა გამოვხატო ჩემი და მთლიანად საქართველოს თანადგომა მოძმე ლატვიელი ხალხის მიმართ, რომელიც ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის გვერდით უმძიმეს წუთებში.
გთხოვთ, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი გულწრფელი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს და მთელ ლატვიელ ხალხს", - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის წერილში.

21 ნოემბერს რიგაში სუპერმარკეტ Maxima-ს სახურავის ნაწილი ჩამოიქცა. ადგილზე მისული სამაშველო სამსახურები დახმარების აღმოჩენას ცდილობდნენ, როცა შენობის სახურავი მთლიანად ჩამოიშალა და ქვეშ დაახლოებიტ 70 ადამიანი მოიყოლა. რიგაში ამ დროისთვის ნაპოვნია 50 გარდაცვლილი. რიგაში გლოვაა გამოცხადებული.

კომენტარები