გიგი უგულავას საქმე

ადვოკატი: რიყისა და იმედის ბრალდებაზე უგულავას საქმე, შესაძლოა, ცალკე გამოიყოს

გიგი უგულავას ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის თქმით, შესაძლოა, რიყის ტერიტორიისა და ტელეკომპანია იმედის გასხვისების ბრალდებაზე უგულავას საქმე ცალკე წარმოებად გამოიყოს.

ჩივიაშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელ პროცესზე  უნდა დაეკითხათ მოწმეები, თუმცა, საფრანგეთში კეზერაშვილის დაკავების გამო, პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა, საქმე გადაედოთ. მისივე თქმით, პროკურატურამ დღევანდელ პროცესზე ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც კეზერაშვილია დაკავებული.

"ბრალდების მხარემ შემდეგ პროცესზე უნდა წარმოადგინოს ის დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც კეზერაშვილი ამჟამად პატიმრობაშია. ეს კი შესაძლოა გახდეს საფუძველი 3 დეკემბერს გადანიშნული პროცესის კიდევ გადადების, ან უგულავას საქმის ცალკე გამოყოფის. თუ მხარეები შევთანხმდებით, შესაძლებელია კეზერაშვილის გარეშე საქმის განხილვის გაგრძელება. შემდგომ პროცესზე ვნახავთ ამ დოკუმენტაციას, რომელზეც დაყრდნობითაც სასამართლო ჩამოყალიბდება რა პრინციპით მოხდეს საქმის განხილვა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ კეზერაშვილი ამ საქმეზეა დაკავებული, თუმცა ფაქტია, რომ ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ჩვენ ვერ ვნახეთ", - თქვა ჩივიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას და კეზერაშვილის წინააღმდეგ რიყის ტერიტორიისა და ტელეკომპანია იმედის გასხვისების საქმეზე პროცესი 3 დეკემბრისთვის გადაიდო. 

კომენტარები