ვილნიუსის სამიტი

ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას ზალკალიანი მოახდენს

mfa.gov.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თქმით, ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი მოახდენს. სწორედ ზალკალიანი იქნება მთავარი მომლაპარაკებელი ევროკავშირთან ხელშეკრულებაზე.

"ეს ტექსტი 1000 გვერდიანია და თითოეულ გვერდზე უნდა მოხდეს ხელმოწერა, ეს იქნება 3-საათიანი პროცედურა, რომელსაც შეასრულებს დავით ზალკალიანი. მისი წამოსვლა გარკვეულია. ხოლო ვინ იქნება დანარჩენი ოთხი, აქ ბევრი ხალხია, ვინც ხელშეკრულების ამ დონეზე მიყვანაში მონაწილეობენ. ჩვენ ვეცდებით, რომ ისინი იყვნენ წარმოდგენილები. ასოცირების ხელშეკრულება უზარმაზარი დოკუმენტია, მე არ მგონია, ექსპერტების და უშუალოდ ჩართული ხალხის გარდა, ეს დოკუმენტი ვინმემ წაიკითხოს, ამიტომაც ჩვენ ევროკავშირთან შევიმუშავეთ გეგმა, რომ მისი შემოკლებული ვარიანტი შემუშავდეს და არსებობდეს ქართულ ენაზე და ეს ფართო საზოგადოებისთვის იქნება ხელმისაწვდომი ისევე, როგორც მოკლე დოკუმენტი", - თქვა ფანჯიკიძემ.

ფანჯიკიძის ცნობით, ვილნიუსის სამიტზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იქნება. მასთან ერთად დელეგაციაში იქნება ასევე ალექსი პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ვილნიუსის სამიტი 28-29 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები