საქართველოს მთავრობა

მთავრობა: რეზიდენციის შენობაზე სხვა დროშის აღმართვა კანონის უხეში დარღვევაა

პრეზიდენტის რეზიდენცია
ლანა ღვინჯილია

საქართველოს მთავრობა მოუწოდებს მოქმედ პრეზიდენტ სააკაშვილის, რეზიდენციის თავზე სახელმწიფო დროშა დააბრუნოს. რეზიდენციის შენობაზე რამდენიმე საათია ე.წ გულებიანი დროშა ფრიალებს.

"რამდენიმე საათია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშის ნაცვლად სხვა დროშაა აღმართული.საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო დროშა არის საქართველოს სახელმწიფო დროშის ერთადერთი ვარიანტი, აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო დროშად სხვა დროშის გამოყენება. ამავე კანონით დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღიმართება საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე სხვა დროშის აღმართვა კანონის უხეში დარღვევაა და დაუშვებელია ქვეყნის სიმბოლოების მიმართ აგდებული დამოკიდებულება ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან. მივმართავთ პრეზიდენტ სააკაშვილს, დაიცვას კანონი და დაუყოვნებლივ აღმართოს საქართველოს სახელმწიფო დროშა პრეზიდენტის რეზიდენციის შენობის თავზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრო ბარნოვმა დღეს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განმარტება გაავრცელა, სადაც განმარტებულია, რომ დროშა კლიპის გადაღებისთვის შეცვალეს.

”პრეზიდენტის სასახლის თავზე ე.წ. გულებიანი დროშის აღმართვასთან დაკავშირებით მინდა, ვაცნობო საზოგადოებას, რომ ეს დროშა აღმართულია მხოლოდ ერთი დღით, სასახლეში მუსიკალური კლიპის გადაღებასთან დაკავშირებით. ხვალ შუადღის შემდეგ სასახლის გუმბათზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაბრუნდება.” - წერს ბარნოვი.

 

 

კომენტარები