საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, პოლიტიკაში არსებულმა პროცესებმა და პრეზიდენტის მხრიდან მუდმივად ხელშეშლამ განაპირობა ის, რომ ეკონომიკა 6%-ით ვერ გაიზრდება.
"ჩვენ ველოდით წლის დასაწყისში, რომ ზრდა იქნებოდა 6%-იანი, მაგრამ სამწუხაროდ მიმდინარე მოვლენებმა, მათ შორის, პოლიტიკაში არსებულმა პროცესებმა, კერძოდ ე.წ. კოჰაბიტაციამ და სრული პასუხიმსგებლობით ვიტყვი - პრეზიდენტის მხრიდან მუდმივად ხელისშეშლამ, ასევე სხვა ფაქტორებმა, რომელთა ნაწილი ობიექტური, ნაწილი კი სუბიექტური იყო, მიგვიყვანა იქამდე, რომ წელს ეკონომიკა სამწუხაროდ 6%-ით ვერ გაიზრდება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, მთავრობა ვალის აღებას გეგმავს.
"საქართველო იღებს ვალებს, მაგრამ იღებს მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ეს არ არის ვალი ვალისთვის, ეს არის ვალი, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს ინფრასტრუქტურას და მომავალში ხელს შეუწყობს უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.





