საგადასახადო კოდექსი

ხადური: საგადასახადო სისტემა უფრო ჰუმანური გახდება

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

მთავრობა საგადასახადო სისტემის რეფორმას იწყებს. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ახალი ცვლილებების მთავარი მიზანი იქნება, საგადასახადო კოდექსი უფრო ჰუმანური გახდეს. ამ მიმართულებით რამდენიმე ცვლილება იგეგმება. 

"ერთ-ერთი რეფორმა, რომელსაც ვახორციელებთ, იქნება ის, რომ ფინანსთა მინისტრს უფლება აღარ ექნება, განმარტოს კანონი. აბსოლუტური ნონსენსია, ერთმა ადამიანმა განმარტოს კანონი. გარდა ამისა, საგადასახადო ორგანო, როგორც წესი, სწავლობს ბოლო 6 წლის დოკუმენტაციას, ჩვენ ამ ვადის 3 წლამდე შემცირებას ვფიქრობთ. დღეს ყველა გადასახადი ცალ-ცალკე ირიცხება, რაც გადამხდელებს პრობლემებს უქმნის და შესაძლოა, რაიმე შეცდომის გამო სერიოზული ფინანსური სანქციები დაეკისროს. ჩვენ ამას ვცვლით და ამიერიდან გადასახადის ჩარიცხვა ერთ კოდზე მოუწევთ. ვფიქრობ, ესეც ძალიან გაუმარტივებს ბიზნესს მუშაობას", - განაცხადა ხადურმა. 

საგადასახადო კოდექსში ცვლილებებზე მინისტრთა კაბინეტი მთავრობის სხდომაზე იმსჯელებს. 

კომენტარები