გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩი: ხელისუფლების განცხადებები ევროპისთვის მიუღებელი აღმოჩნდა

ორთვინ ჰენიგი, გერმანიის ელჩი
კვირის პალიტრა

გერმანიის ელჩმა ორთვინ ჰენიგმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლების აგრესიული განცხადებები მიხეილ სააკაშვილსა და მის დასავლელ მოკავშირეებზე, დასავლეთმა ევროპის გმობად აღიქვა.

"2012 წლის ოქტომბერში საქართველოს ახალ ხელისუფლებას რომ ეთქვა, არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვეთ, სააკაშვილის მთავრობა კი დამარცხდა, მათ რაღაცები გააკეთეს, რაღაცები - ვერა, ახლა კი ჩვენ მოვედით და უკეთესად გავაკეთებთ ყველაფერს, თუმცა გამოვიყენებთ წინა ხელისუფლების მიღწევებსაცო, დასავლეთი მათ ტაშით შეხვდებოდა და ივანიშვილსა და მის ქართულ ოცნებასაც ხელგაშლით შეეგებებოდნენ. ამის ნაცვლად (და ამას პოლიტიკურ უმწიფარობას მივაწერ), დასავლეთს განუცხადეს: თქვენ დამნაშავეებისა და მწამებლების ბანდას უჭერდით მხარსო. ბუნებრივია, ეს დასავლეთისთვის როგორც პოლიტიკურად, ისე ფსიქოლოგიურად მიუღებელი აღმოჩნდა. მთავრობის აგრესიული განცხადებები დასავლეთმა აღიქვა არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ მთელი ევროპელი საზოგადოების დაგმობად. სხვა თუ არაფერი, სააკაშვილის ხელისუფლება მოსვლის დღიდან დასავლეთის მოკავშირედ ითვლებოდა, ჩვენ მილიარდები დავხარჯეთ მის მხარდასაჭერად, რათა გაეტარებინა რეფორმები, რაც ქვეყნის განვითარებისთვის იყო აუცილებელი. დასავლეთი არ ნანობს ამ დახარჯულ მილიარდებს, რადგან რეფორმები, მისი მმართველობის დასაწყისში მაინც, მართლაც გატარდა. თუმცა, გვერდს ვერ ავუვლით იმას, რომ უკანასკნელ წლებში მისი რეფორმების დემოკრატიულობა სულ უფრო მცირდებოდა, მის ხელში ძალაუფლების მეტისმეტად ბევრი ბერკეტი მოექცა. ვფიქრობ, ახალმა მთავრობამ თავიდან ვერ გააცნობიერა, რომ არ შეიძლება დასავლეთთან, და საზოგადოდ, საგარეო ასპარეზზე, ილაპარაკო იმავე ტონით, როგორსაც იყენებ შენს ქვეყანაში. გასაგებია, რომ ხალხი მისგან სწორედ ამ სიტყვებს ელოდა, მაგრამ ელოდა კი დასავლური სამყარო იმავეს? რაც მისაღები და სამართლიანი იყო ქართველი საზოგადოებისათვის, თავზარდამცემი გამოდგა. დასავლეთისათვის", - განუცხადა ორთვინ ჰენიგმა კვირის პალიტრას. 

გერმანიის ელჩის თქმით, კარგია, როცა ბიძინა ივანიშვილი გულწრფელ განცხადებებს აკეთებს, თუმცა, ის ნაკლებად ხისტად უნდა საუბრობდეს საერთაშორისო ტრიბუნაზე.

"ხელისუფლების რიტორიკა არ უნდა იყოს ერთნაირად ხისტი, მიუხედავად იმისა, ქუჩაში გამოდის სიტყვით თუ სტრასბურგში. ვფიქრობ, ეს საკითხი შედარებით პოზიტიურად უნდა წარედგინათ დასავლეთისთვის და ბევრ დავიდარაბას აიცილებდნენ თავიდან", - ამბობს ორთვინ ჰენიგი.

კომენტარები