ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილი: თუ მე გავლენას მოვახდენ, ძალიანაც კარგი იქნება

Georgian tycoon and politician Bidzina Ivanishvili speaks during an interview with Reuters at his office in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თუ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, მას მთავრობაზე გავლენა ექნება, მოხარული უნდა იყოს ყველა, ვინც ევროპულ ფასეულობებს პატივს სცემს. ამის შესახებ ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ტაბულას შეკითხვის საპასუხოდ თქვა და დაამატა, რომ ამაში ცუდი არაფერი იქნება. 

"თუ არასდროს ცუდი არ მიკადრებია, მუდამ ვამბობდი და ვაცხადებ ახლაც, რომ ჩვენი სტრატეგიაა ევროპა და ნატო, თუ ევროპის ფასეულობებს და ადამიანის უფლებებს ვცემ პატივს, თუ არცერთი წამოცდენა არ მქონია, გარდა იმისა, რასაც ოპონენტები მიგორებენ მიზანმიმართულად, თუ მკვეთრად თანმიმდევრულად ვაცხადებ, რა არის ჩემი ფასეულობები, მაშინ თუ ჩემი გავლენა იქნება, მოხარული უნდა იყოთ, ვისაც გინდათ ევროპა და ვინც ევროპულ ფასეულობებს პატივს სცემთ... "ძალიანაც კარგი იქნება" - ასე უნდა თქვათ. იქნებ კიდევ მოხდეს, რომ ვინმემ გადაუხვიოს და რაღაც ისე არ წავიდეს, როგორც ჩვენ გვინდა, გვსურს და ვაცხადებთ, რომ ეს არის ჩვენი სტრატეგია. და თუ მე ამაზე გავლენას მოვახდენ, ძალიანაც კარგი, რა არის ამაში ცუდი? ვის აშფოთებს ეს? რა მოხდება ამით ცუდი?" - იკითხა პრემიერმა და დაამატა, რომ ეს ცუდი იქნებოდა იმ შემთხვევაში, "ოპონენტების მიერ აგორებული ჭორები მართალი რომ ყოფილიყო".

"რაღაცებს რომ მაბრალებდნენ, ხან რუსეთის მარიონეტიო, ახლა ბენდუქიძე და ბოკერია აკეთებენ, თითქოს მე რაღაც ოლიგარქიული მანერები მახასიათებს და კულისებიდან ვმართავ ქვეყანას. მაგრამ ჩემი ხელწერა იყო აბსოლუტურად თანმიმდევრული", - თქვა პრემიერმა.

ტაბულამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილს ჰკითხა, რამდენად გამართლებულად მიაჩნია ბიძინა ივანიშვილის მინიშნებები, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ხელისუფლებაზე გავლენის შენარჩუნებას აპირებს, ასევე ის, რომ შერჩეული ჰყავს მერის კანდიდატი. მარგველაშვილის ნაცვლად, ტაბულას ჟურნალისტის შეკითხვას თავდაპირველად ივანიშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ მას 24 ნოემბერს აქვს დანიშნული კრება და სწორედ მაშინ წავა პოლიტიკიდან, იქამდე კი, პოლიტიკაში რჩება და თანაგუნდელებთან შეათანხმებს მერის კანდიდატურას. მისივე თქმით, ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა მოახერხოს ხელისუფლებაზე გავლენა.

"იაქტიურონ უფრო მეტი, უფრო მეტი გავლენა მოახდინონ და უფრო კარგ შედეგებსაც აჩვენებენ. ასეთი მოქალაქე ვიქნები მეც და, რა თქმა უნდა, მეც მოვახდენ გავლენას და შეიძლება სხვაზე მეტსაც, რიგით მოქალაქეზე მეტს. გიორგის ხშირად არ მოუწევს ჩემგან რჩევების მიღება, რამეთუ ჩვენ ძალიან მსგავსი მსოფლმხედველება გვაქვს და ის თვითონ მოახერხებს ამას. ეს არ იქნება ხანგრძლივი და მუდმივი პროცესი. სხვა ჩემი პოზიციის დაფიქსირება მე საჯაროდ მომიწევს უფრო ხშირად, მე ასე წარმომიდგენია და გიორგი ალბათ ამას მიაქცევს ყურადღებას. ვინც გვიცნობს ჩვენ, მან იცის, რომ არც ჩემს თავს, არც გიორგის და არც ქვეყანას არ ვაკადრებ იმას - თითქოს ჩვენ სადღაც მოვილაპარაკეთ, რომ გიორგის რაღაც ვალდებულება აქვს და აუცილებლად ანგარიში უნდა გამიწიოს. ჩვენს კამათს დასწრებიან გუნდის წევრები. გიორგი ისეთია, თუ არ დაარწმუნე, მასზე გავლენას ვერავინ მოახდენს", - თქვა ივანიშვილმა. 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით კი, მისთვის აბსოლუტურად მიუღებელი კეკლუცობა იქნებოდა, რომ ეთქვა - თითქოს ივანიშვილის აზრს მისთვის საშუალო მნიშვნელობა ექნება.

"უაღრესად დიდი ავტორიტეტია ჩემთვის. შარშან როგორ მოახერხა ბიძინამ ჩვენი გაერთიანება, როგორც შეგვკრა, გვატარა, მოვიგეთ არჩევნები, რომლის დროსაც მე მართლა არ წარმომედგინა, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა ასე მშვიდად, როგორ ჩამოაყალიბა მთავრობა და ერთად შემოვატრიალეთ სისტემა, რომ ხელისუფლება ემსახურებოდეს ხალხს. ამის შემდეგ, როგორ გითხრათ, რომ ჩემი მეგობარი, ჩემთვის ავტორიტეტი გამოხატავს აზრს და ვიკეკლუცო, რომ მის აზრს მნიშვნელობა არ ექნება? დიდი მნიშვნელობა ექნება. ჩვენ ვურთიერთობთ ნორმალურად და მე მაქვს შესაძლებლობა, რომ ბევრი რამე ვკითხო", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

 

კომენტარები