ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილი ქორწინების დეფინიციაზე რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა

DARO SULAKAURI / agenda.ge

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მომხრეა, 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართოს. ამის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. დაუჭერს თუ არა ყოფილი პრემიერმინისტრი მხარს რეფერენდუმის ჩატარებას გაზეთი ასავალ-დასავალი დაინტერესდა.

"მოკლედ გიპასუხებთ - კი. ზოგადად, ღია კარებს ვამტვრევთ. ისედაც ეს კანონით არაა დაშვებული და მგონი, ზედმეტი აჟიოტაჟი ავწიეთ. რა თქმა უნდა, მე ტრადიციულ ოჯახებს ვუჭერ მხარს. თუმცა, ანტიდისკრიმინაციული კანონი რაც მივიღეთ, მე მთელი სულისკვეთებით ძალიან აქტიური ვიყავი, ესეც ძალიან კარგად გავითვალისწინოთ",- თქვა ივანიშვილმა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომიასიამ ქორწინების დეფინიციათან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი სარეფერენდუმო საკითხი 12 ივნისს დაარეგისტრირა. "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის“ - ეს არის კითხვა, რომლის რეფერენდუმზე გატანისთვის საინიციატივო ჯგუფს 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება სჭირდება.

პროცედურის თანახმად, რეგისტრაციის შემდეგ, საინიციატივო ჯგუფმა 3 თვის ვადაში უნდა შეაგროვოს 200 ათასი ხელმოწერა. ამის შემდეგ, ცესკო ხელმოწერების ნამდვილობას შეამოწმებს და არაუგვიანეს 1 თვის ვადისა, პრეზიდენტს წარუდგენს გადაწყვეტილების მისაღებად.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

კომენტარები