2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ, ახალი მთავრობა შვიდი დღის ვადაში შედგება

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან, მთავრობა უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე მოიხსნის და ნდობის გამოცხადება ახალი კონსტიტუციით დადგენილი წესებით მოხდება.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ფიცს დადებს, ძალაში შევა ახალი ფორმის მმართველობის კონსტიტუციური მოდელი და ქვეყანა შერეული მმართველობის მოდელზე გადავა. ამოქმედდება შერეული მმართველობის ფორმა, რომელსაც ნახევრად საპრეზიდენტო და ნახევრად საპარლამენტო მოდელსაც უწოდებენ. 

ახალი პრეზიდენტის მიერ პოსტის დაკავებას მთავრობის ხელახალი ფორმირება მოჰყვება, რა დროსაც პრემიერმინისტრობის კანდიდატს პრეზიდენტი აღარ წარადგენს, მის ნაცვლად ამ ყველაფერს პარლამენტში უმრავლესობის მქონე პარტია გააკეთებს. პრეზიდენტი ვალდებული იქნება, პრემიერმინისტრის პოსტზე სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატი დანიშნოს. კერძოდ კი, პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან შვიდი დღის ვადაში, საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ (ასეთი კი კოალიცია ქართული ოცნებაა) მისთვის წარდგენილ პრემიერმინისტრის კანდიდატურას წამოაყენებს. თავის მხრივ, პრემიერმინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და ნდობის მისაღებად, სამთავრობო პროგრამასთან ერთად, პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტიც შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. 

ახალი კონსტიტუციით იზრდება მთავრობის უფლებამოსილებები და თავად მთავრობის ხელმძღვანელის ძალაუფლება. ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელი მთავრობა ხდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. 

მთავრობის საქმიანობას მთლიანად პრემიერმინისტრი განსაზღვრავს, რომელიც ორგანიზებას გაუწევს მას და განახორციელებს მთავრობის წევრთა საქმიანობის კოორდინაციას და კონტროლს. პრემიერმინისტრს თანამდებობაზე მთავრობის წევრების მოხსნა-დანიშვნისთვის პრეზიდენტის თანხმობა აღარ დასჭირდება და შესაბამის გადაწყვეტილებებს პრეზიდენტის გარეშე მიიღებს. 

 

კომენტარები