2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ნორლანდი: არჩევნების დღე დემოკრატიის კონსოლიდაციის საქმეში მნიშვნელოვანია

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით თქვა, რომ არჩევნების დღე ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციის საქმეში, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იქნება. ნორლანდი დღეს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა ოკუჯავას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან აღნიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით ზუგდიდში გაცილებით მშვიდი საარჩევნო გარემოა.

"მე ზუგდიდში მეოთხედ ვარ. გასულ წელს, როდესაც ამ საოლქო საარჩევნო კომისიას ვსტუმრობდი, ატმოსფერო ბევრად უფრო დაძაბული იყო. წელს გარემო გაცილებით მშვიდია. მოსახლეობა ელოდება, რომ ჩატარდება პროფესიული, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ზაფხულში მოხდა რამდენიმე ინციდენტი და არავის სურს, მსგავსი ინციდენტები ისევ განმეორდეს", - თქვა ნორლანდმა.

ნორლანდმა ასევე თქვა, რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოებმა ერთობლივი ჯგუფები შექმნეს, რომლებიც არჩევნებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დააკვირდებიან.

"დამკვირვებლები შეეცდებიან, უზრუნველყონ, რომ ხმების დათვლის პროცესი სამართლიანად ჩატარდება. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ არჩევნები წარიმართება გამჭვირვალედ, ღია გარემოში და იქნება კარგად ორგანიზებული პროცესი", - აღნიშნა ნორლანდმა.

კომენტარები