2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ივანიშვილი მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე 1 დღით ადრე მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, რათა გაიზიარონ ქვეყნის მომავალზე თავისი წილი პასუხისმგებლობა.

”ჩემო თანამოქალაქენო, 27 ოქტომბერს ჩვენს ქვეყანაში არჩევნებია, 27 ოქტომბერს ახალ პრეზიდენტს ვირჩევთ. ეს იქნება მეოთხე პრეზიდენტი, რომელსაც საქართველო აირჩევს. 27 ოქტომბერს საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზაზე კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი უნდა გადადგას. ამ არჩევნებით ჩვენი ქვეყანა ახალ ეპოქას იწყებს, ახალი კონსტიტუციითა და მმართველობის ახალი მოდელით. ჩვენ ამ არჩევნებამდე მშვიდობიანად მოვედით და ეს ხალხის, ქვეყნის გამარჯვებაა. ამ 20 წლის განმავლობაში პირველად გვეძლევა საშუალება არჩევნების გზით შევცვალოთ პრეზიდენტი. ჩვენმა ხელისუფლებამ იკისრა ვალდებულება, ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული, გამჭვირვალე, ევროპული სტანდარტის არჩევნები. არჩევნების პროცესს აქტიურად ადევნებენ თვალს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები, რომლებიც ერთხმად აღიარებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს, ყველა კანდიდატს თანაბარი შესაძლებლობა აქვს, მედიას მიეცა უფლება, თავისუფლად გადაადგილდეს საარჩევნო უბნებზე. ჩვენ მივაღწიეთ და გავაუქმეთ საზოგადოებრივი კონტროლისაგან დამალული, ე.წ. უკონტროლო, დახურული უბნები. დღეს ყველა ამომრჩეველს შეუძლია იძულებისა და ძალდატანების გარეშე, საკუთარი მოსაზრებისა და სინდისის კარნახით თავისუფალი არჩევანის გაკეთება. ჩვენ მოვახერხეთ არჩევნების ასეთი მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა და ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ნება, ეს ქართველი ხალხის არჩევანია. მეგობრებო, სახელმწიფოს შენება და განვითარება ქვეყნის ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა და ეს პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, არჩევნებზე უნდა ვიტვირთოთ. არჩევნები გვაძლევს შანსს და გვაკისრებს ვალდებულებას, გავლენა მოვახდინოთ იმაზე, თუ რა გზით წავა ქვეყანა და ჩვენ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, მოდით არჩევნებზე და ხმა მიეცით თქვენთვის სასურველ კანდიდატს. ბედნიერი ვარ, რომ წელს მეც მეძლევა საშუალება ჩემს ოჯახთან ერთად მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადო ჩემი ქვეყნის წინაშე. მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ხმის მიცემა უცხოეთში უწევთ: არ დაიზაროთ, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, იცოდეთ, თითოეული თქვენი ხმა ძვირფასია საქართველოსათვის. 27 ოქტომბერს ჩვენ ჩავატარებთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს და დარწმუნებული ვარ, მის შედეგებში ეჭვს ვეღარავინ ვერ შეიტანს. 27 ოქტომბერს ყველას გელოდებით საარჩევნო ყუთებთან, მე მჯერა თქვენი, რომ  იაქტიურებთ და მოხვალთ არჩევნებზე, მოხვალთ იმ რწმენით, რომ ხმას აძევთ საკუთარ კეთილდღეობას და საქართველოს ძლიერებას”, - ასე მიმართა მოქალაქეებს ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები